9 იანვარს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალ დახმარებაზე უკრაინისთვის - დახმარების ღირებულება 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, ამ დახმარებამ, რომლის ინიციატორია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უნდა დააკმაყოფილოს უკრაინის მზარდი მოთხოვნები და რაც შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს კიევი.
უკრაინისათვის განკუთვნილი ახალი დახმარება მოიცავს:
- საჰაერო თავდაცვის AIM-7, RIM-7 და AIM-9M რაკეტებს;
- "მიწა-ჰაერის" კლასის საბრძოლო მასალას;
- გამანადგურებელი თვითმფრინავების, F-16-ის დამხმარე აღჭურვილობას;
- დაჯავშნილი ხიდების აგების სისტემებსა და სხვა შეიარაღებასა და ტექნიკას.
ამ დახმარების გამოცხადების ფონია უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ე.წ. რამშტაინის ფორმატში. მიმდინარე შეხვედრამ რამშტაინში (გერმანია) თავდაცვის მინისტრებისა და სამხედრო მეთაურების დონეზე უნდა განიხილოს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის სტრატეგია რუსული აგრესიის მოგერიებაში.
ასევე ნახეთ ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს ასევე ნახეთ ზელენსკი დაესწრება რამშტაინის შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ უკანასკნელი იქნება ამ ფორმატში