„რატომ არ აცხადებენ ჩვენი შიმშილობის ამბავს?“ - რევაზ კიკნაძის დღიურები ციხიდან

პროევროპული აქციების დროს დაკავებული 26 წლის რევაზ კიკნაძე, სხვა არაერთი დემონსტრანტის მსგავსად, ახალ წელს პატიმრობაში შეხვდება. პროტესტის ნიშნად რეზო ბოლო ათი დღე შიმშილობდა. წერა არ შეუწყვეტია - ეს მისი „ციხის დღიურების“ მეორე ნაწილია.

რევაზ კიკნაძეს, რომელიც ახლა წინასწარ ორთვიან პატიმრობაშია და რომლიც სასამართლო სხდომას 20 იანვარს ელოდება, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას ედავება. რეზომ შიმშილობა დაიწყო, როგორც თავად ამბობს, მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი კამერის ჩანაწერების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

ციხის დღიურების ეს ნაწილი 18-დან 26 დეკემბრამდე დაიწერა.

18-19 დეკემბერი - Here we go again

დღეს შიმშილობა დავიწყე. როგორც კი კამერაში შევდგი ფეხი, ეგრევე განვაცხადე და ორივემ (სანდრომ და უკრაინელმა) ერთ ხმაში, მაშინ ჩვენც ვშიმშილობთო. მთელი ღამე მოვუნდი დამეყოლიებინა, გადაეფიქრათ. ბოლოს დავითანხმე, თუ მეორე სასამართლოს შემდეგ უკან შემოგვაბრუნებენ, ყველა ერთად ვიშიმშილებთ.

სამი მუშკეტერი ვართ, „ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის“.

უკრაინელი მიყვებოდა, რომ წლების წინ, უკრაინის ციხეში იჯდა. 31 დღე იშიმშილა, 82 კილოდან 58 კგ-ზე ჩამოვიდა და 5 წლის ნაცვლად 1 წელში გამოუშვეს პირობითით. მერე ამბობდა, 20 დღის შემდეგ მე ერთი მხრიდან დამეყრდნობი, სანდროს მეორე მხრიდან და ასე შეგიყვანთ ხოლმე საპირფარეშოშიო. დავიწყეთ პაროდიების კეთება, თუ როგორი შეიძლება გახდეს ადამიანი ოცდღიანი შიმშილის მერე, სახის და სხეულის კუმშვა და ამაზე სიცილი. ასეა, ბოლოს ყველაფერს სასაცილო მხარეს მოვუძებნით ხოლმე.

ახლა შუაღამეა, როცა ამას ვწერ. ორივეს სძინავს. მე კი მაგიდიდან მჟავე კომბოსტოს სუნი მიღიტინებს ცხვირში და ჭამის სურვილს მიღვიძებს.

თავიდან არის რთული და რამდენიმე დღის შემდეგ ვეღარ იგრძნობო. ეს ერთხელ უკვე გავიარე, არც მეორედ გამიჭირდება. კრისტიან ბეილის ტრევორ რეზნიკად წარმოვიდგინე ნაშიმშილარი ჩემი თავი ფილმ „მექანიკოსიდან“. ალბათ, ზუსტად ეგრე ვივლი, თუ ის მარტივი მოთხოვნა არ შეასრულეს, რაც რეალურად მათი უშუალო მოვალეობაცაა.

ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ უნდა მიწევდეს ჩემი უკანონოდ დაკავების დამაფიქსირებელი კამერების ამოსაღებად ასეთი ნაბიჯების გადადგმა? თუმცა ჩვენ ხომ ახლა ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ. აქ სამართალს და კანონს არ ცნობენ.

დომინო ვიყიდეთ და ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში ახალი გასართობი შევიტანეთ. სანამ მოგვბეზრდება - ცოტა დროს გავიყვანთ. ხან ორნი ვთამაშობთ, ხან სამნი.

ჩემზე და დედაზე გააკეთა სიუჟეტი ნანუკამ და სანდრო მთელი დღე მახსენებდა, ათ საათზე არ გამოგვრჩეს და ერთად ვიტიროთ ყურების დროსო. ნამდვილად ერთად გვცვიოდა ცრემლები.

დედა სამსახურიდან წამოსულა. სწორი ქნა. აქამდეც უნდა გაეკეთებინა. საშინელი სამსახური, უფრო საშინელი ხელფასით. უფროსი მთავრობის მოტრფიალე ჰყავდა და თურმე, ყოველდღე დაცინვით ეუბნებოდა, შენი შვილი რა მოცლილია, სულ აქციებზე რომ დადისო. დედა ასე პასუხობდა: „ჩემს შვილს სამშობლო უყვარს შენგან განსხვავებით, მარტო ფულზე ხარ შეყვარებულიო“.

სკოლის მერე სულ ვფიქრობ, იმედგაცრუება ვარ მშობლების, ახლობლების. ის იმედები ვერ გავამართლე, რასაც ბავშვობაში ჩემზე ამყარებდნენ. ჩემი სწავლით ვერაფერს მივაღწიე. სწავლის მიტოვებაც მომიხდა. ამას არ მაგრძნობინებდნენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, ასეა. ჩემი ოცნებაა, დედამ და მამამ ჩემით იამაყონ, ამის ნაცვლად კი სულ ვანერვიულებდი. ნეტა ახლა ცოტა მაინც ამაყობდნენ. არადა, ახლაც გული გავუხეთქე და ვატირე. არა უშავს…. ის მაინც იციან, როგორ ძალიან მიყვარს…

ნეტა შეიძლებოდეს, აქციაზე დაკავებულ და აქ მოთავსებულ სხვა პირებთან კონტაქტი. არავის ვიცნობ პირადად და სიამოვნებით გავიცნობდი, დავუმეგობრდებოდი, სალაპარაკოც ბევრი გვექნებოდა. უკეთესი ვინ უნდა გავიცნო. მე და სანდრო უკვე მეოცედ ვუყვებით დაჭერის ისტორიებს ერთმანეთს...

მოშიმშილეებს ცუდად რატომ ექცევიან, უხეშად, ზიზღით? შავკანიანებს რომ ეპყრობოდნენ, დაახლოებით ეგეთი შეგრძნება მაქვს. მე კარგი დამოკიდებულება მქონდა აქაურ პერსონალთან მთელი ამ დროის მანძილზე და ახლა, ჯერ ერთმა მკითხა დაცინვით, მაგით რის მიღწევას ცდილობო და მეორემ დილას პური რატო აიღე, თუ შიმშილობდიო... რა პური ავიღე, დილის 7-8-სკენ მოდის და ყოველთვის მძინავს მაგ დროს, თავად დებენ პარკში, რამდენიც ვართ, იმდენს. ცოტაღა დამაკლდა, მეთქვა - აჰა, ბარათი, მე გიყიდი მაგ პურს, რა გადაგვაყოლე-მეთქი. შევიკავე თავი.

ამ საკნიდან უნდა გადაგიყვანოთო. ანუ შიმშილის პერიოდში მარტო უნდა დამსვან სადღაც. არა ტელევიზორი, არანაირი კომუნიკაცია ვინმესთან, არც დარეკვა და ყველაფრისგან მწყვეტენ.

რომ იცოდეთ, ციხეში მოშიმშილეებს ისე ეპყრობიან, როგორც კეთროვანს, ხორცმეტს, როგორც უკანონო შვილებს ჯორჯ მარტინის სამყაროში.

იმედია, წიგნებს მაინც შემომიტანენ, თორემ გავგიჟდები სრულიად მარტო, ვინმესთან კონტაქტის გარეშე, ოთხ კედელში. თავად შიმშილი დიდად პრობლემა არაა. ჯერჯერობით 22 საათია გასული. ანტონი რჩევებს მაძლევს: არ ივარჯიშო, არ იარო ბევრი, შეეცადე ცოტა იმოძრაო, იწვე და იძინოო. პირველი 3-4 დღეა რთული, მერე ვეღარაფერს იგრძნობო. იმედია, კამერების წაშლამდე მალევე მოგვაწვდიან რაც მჭირდება, თორემ თუ ვადა გაუვიდა, რაღა აზრი აქვს მერე?

ეს ფრაზა: „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“’, ციხეში იქცა - „ვბანაობ, მაშასადამე ვარსებობ“’. დილას განვიწმინდეთ, გავსუფთავდით და მხნედ ვართ ყველა, დღეს ვარსებობთ.

...

გადამიყვანეს სხვა საკანში. აქ ერთი კაცი დამხვდა, სამი დღეა ვშიმშილობო, მეც აქციაზე დამიჭირესო. 54 წლისაა. რა თქმა უნდა, შვილები და შვილიშვილები ენატრება. კარგი ადამიანი ჩანს, მოშიმშილეებს რომ ცუდად უყურებენ, მანაც დამიდასტურა. აქ როცა შემომიყვანეს, ფანჯრებიც არ იკეტებოდა, საკეტები არ ჰქონდაო და გავჭედე მაგაზეო. მგონი საკმაოდ დიდი ხანი აპირებს არ ჭამოს. რა თქმა უნდა, ესეც ეწევა სიგარეტს.

წიგნებს ვნატრობ. ახლა კროსვორდს ვავსებ და ეგრე ვირთობ თავს. ჩემს ახალ რუმმეითს წნევა დაუვარდა და ექიმი გამოიძახა. რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტო. მადლობა გადამიხადა, თქვენს თაობას ყოჩაღო, თქვენ გამოაფხიზლეთ ერი, მაგრები ხართო. ომის ვეტერანი ყოფილა. მე იმედიანად ვერ ვარ, მაგრამ ამათი წუთები დათვლილია, მთავარია, არ გაჩერდეს პროტესტის ტალღაო.

სწავლაზე მკითხა და როცა ვუთხარი, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და დავანებე თავი-თქო, მე დაგეხმარები, როცა აქედან გავალთო და გააგრძელეო. ომის ვეტერანი და ასევე, აფხაზეთიდან დევნილია. ხვდებით ხო, როგორ ხალხზე ძალადობს და უკანონოდ ყრის ციხეებში ჩვენი ვითომ ხელისუფლება.

ტელევიზორი აქ არ არის, მაგრამ რუმმეითმა, მე ვიყიდეო ტელევიზორიც და „რესივერიც“ და იქნებ მოგვხედონ და შეგვაერთებინონო. დღეს უტელევიზოროდ ვართ. მოშიმშილეების ხვედრი ასეთია.

ცდილობენ დაგვსაჯონ. ნებისმიერი დიქტატურა მშვიდობის მტერია. ამის თქმა მინდოდა ექიმისთვის, რომელმაც მშვიდობა გვისურვა ჩვენც და ქვეყანას. მე მხოლოდ ესღა ვუთხარი - ყველას გვინდა მშვიდობა, ოღონდ რუსეთის მონობის გარეშე-მეთქი.

წიგნების დიდი სია ერთი კვირის ან ათი დღის წინ ჩამოვუწერე ციხის ადმინისტრაციას და ჯერ კიდევ არაფერი მოუტანიათ. უყურადღებობაა თუ რატომ წელავენ ასე, ვერ ვიგებ. დღეს მითხრეს, ვნახეთ შენი სია და მოგიტანთო. ისევ „მოგიტანთ“ და არა „მოგიტანეთო“. ამ ერთ კვირაში ოთხი წიგნი წავიკითხე, ორი სახლიდან გამოგზავნილი, ორი ადვოკატის დავალებით შემოწოდებული.

მე წიგნის გარეშე იგივე ვარ, რაც ჩიტი - უფრთოდ.

ნეტა ჩემი სანდრო და ჩემი უკრაინელი რას შვრებიან ახლა ან როდისღა ვიცეკვებთ ერთად... თუ იმავე საკანში არ დამაბრუნეს, შიმშილობას გავაგრძელებ. ფურცელი აღარ მყოფნის… დანარჩენს ხვალ დავწერ ან ზეგ. როცა ამ ერთფეროვან რუტინაში რაიმე არარუტინული მოხდება.

20-23 დეკემბერი - ოთხ კედელში

ალბათ, ყველას გქონიათ მომენტი, დასაძინებლად საწოლში ჩაწოლისას, როცა თითქოს ყველა ცოტა ხნით წყვეტს არსებობას, ირგვლივ სრული სიბნელე სუფევს და შენც იმავეს ცდილობ - დახუჭო თვალები და წყვდიადში გადაეშვა. მაგრამ ფიქრი არ გაძლევს ამის საშუალებას. შიმშილის გრძნობაც ამ დროს მძაფრდება ყველაზე მეტად. წევხარ და ელი, როდის მოვა ძილი და ამის მაგივრად ჭამის სურვილი მოდის. მაგ დროს მიჭირს ხოლმე, ჩაძინებამდე.

ახლა დილაა და ენერგიაზე ვარ, საერთოდ არ მშია. ჯერ ახალი დაწყებული მაქვს, 44 საათია გასული. მაგრამ როგორც მითხრეს, დასაწყისია ამ დროს ყველაზე რთული.

გუშინ რომ ვწერდი, ტელევიზორი არ გვაქვს-მეთქი, ისევ პატიმრები დაგვეხმარნენ. გვერდითა საკნიდან გამოგვიგზავნეს, თან პლაზმური. მე და ჩემი რუმმეითი მთელი ღამე ვეწვალებოდით, ჯერ დასაკიდებელი ადგილი მოვაწყვეთ, მერე შნური დავაგრძელეთ... ტელევიზორი მხოლოდ ნახატებს აჩვენებდა და შიშინებდა. გვითხრეს, დინამიკის ბრალია და არა კაბელისო და წაიღეს გასარემონტებლად. ორივე ვიწვით, ისე გვინდა აქციების კადრების ნახვა. ამაზე მეტად კი - იქ დგომა.

ციხის უფროსი შემოვიდა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, აზრი არა აქვსო. მე მითხრა, შენი ადვოკატის ბრალი იქნება, კამერების ჩანაწერები რომ არ მოგცეს, სისტემა რომ მართულია, ეგ არაფერ შუაშიაო. ჯერ ვუპასუხე, ჩემი საკვები წიგნებია-მეთქი და ისიც, ადვოკატმა რომ თქვა სასამართლოზე, ამ ადამიანს, 29 ნოემბერს ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, 6-ში დაიჭირეს და მიმალვა ან ცუდის ჩადენა რომ სდომოდა, რატომ არაფერი ქნაო. საზღვარგარეთის პასპორტიც კი არა აქვს, არც ფინანსები, არც კავშირებიო.

ღამით სამი სიზმარი ვნახე. ერთს მოვყვები: ვითომ პოლიცია გამომეკიდა და რომელიღაც ორსართულიან რესტორანში შევასწარი. შიგნით არ შემოდიოდნენ და მაფრთხილებდნენ, ალყაში ხარო... გადავიხედე და ასზე მეტი იქნებოდნენ. მთელი სიზმრის მანძილზე შეგრძნება მქონდა ასეთი - გადამეღო ფოტო ან ვიდეო და ფეისბუკზე დამეპოსტა წარწერით: „ნახეთ, ერთ უწყინარ ადამიანს რამდენი პოლიციელი გამოუყვანეს“...

საწოლიდან წამოდგომისას თავბრუ მეხვევა, თვალებში მიბნელდება და თავი მტკივა. ცოტა მოვსუსტდი ფიზიკურად, მაგრამ მთავარია, სულიერად ვარ მხნედ. ადვოკატის გარდა არავის ვხვდები.

მგონი კამერების ჩანაწერებს მაინც არ გვაძლევენ. სულ რომ კვდებოდეს ადამიანი, მთავრობის დაშინებაა და ბრძანება, კანონს გვერდი აუარონ და ეს წონის სასწორის პინას.

ერთადერთი იარაღი, რაც აქ დამრჩა საბრძოლველად, შიმშილობაა. კარგი იქნებოდა, ყველა პოლიტპატიმარს გვეთქვა უარი ჭამაზე, უსამართლობაზე და სასამართლოს ცირკად გადაქცევაზე. ყველას. პროტესტის ნიშნად.

ექიმი ხშირად გვაკითხავს, მაგრამ სისხლის, შაქრის, წნევის და სატურაციის მაჩვენებლების შემოწმებას რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეგ ვერ უშველის.

„ფრესკომაც“ უარი თქვა კამერების გადახვევაზე ( იგულისხმება წინა დღის გამოსახულების ნახვა - რ.თ.). გამოდის, „ფრესკოც“ ქოცებზე მუშაობს. იქ არასდროს შევალ (შე სულელო, მინიმუმ ექვსი წელი საკნიდან საკანში თუ ივლი).

ტელევიზორს რომ გვისწორებდნენ, ბადრაგებს ვუთხარი, „იმედი“ და „პოსტვ“ არ ჩართოთ, სულ no signal ეწეროს-მეთქი და ამაზე ვიცინეთ.

როგორც იქნება, მომიტანეს ჩემი „საკვები“, რასაც აქ შემოსვლის დღიდან ვითხოვ. მაგიდა სავსეა, თუმცა, რაც ჩამოვწერე, უმეტესობა ვერ იპოვეს. მაგრამ 14 წიგნი შემომიტანეს და ამ ეტაპზე მეყოფა. ციხეში ყოფნისას ერთადერთხელ ავუწიე ხმას პერსონალთან და ეგეც წიგნების მოთხოვნის გამო.

...

მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, ნიღაბი აიფარე, ფრთხილად იყავი, არ დაგიჭირონ ამ არაადამიანებმაო და სულ ვპასუხობდი, მაინც უსახლკარო ვარ, თუ დამიჭერენ, შენობაში გავათევ ღამეს, ხომ არ ჰგონიათ ეგრე დამსჯიან-მეთქი. ახლა კი მეცინება - მართლა ამიხდა... რეალურად არასდროს დამჭირვებია ღამის გათევა გარეთ, მაგრამ ჩემი ორი წლის წინანდელი ტრაგედიისთვის ოდნავ იუმორით რომ შემეხედა, უსახლკარო შემერქვა.

ხუმრობა იქეთ იყოს, ორი წელია ჩემი სახლი მევახშის სახელზეა. მას შემდეგ, რაც ორმა მაკლერმა დედაჩემი მოატყუა და ათი ათასი დოლარი ცრუ დაპირებით წაართვა. დღემდე ასეა და ახლაც სასამართლოს ველოდებით სახლის ამბავზე.

...

სარეცხის პრობლემა, ბევრი ფიქრის შემდეგ. მგონი, მოვაგვარე. ბანაობის დროს შევიტანე, სადაც ვბანაობთ იმ ადგილას და ახლა ყველა ტანსაცმელი გაკრიალებული მიდევს კარადაში. გაშრობაც მოვასწარი, გავაბით თოკები და მოვაწყვეთ ადგილი საამისოდ.

ცოტა ხნის წინ ჩაიზე ვთქვი უარი. მარტო წყალს ვსვამ. წიგნში, რომელსაც ვკითხულობ, ასეთი რაღაც ამოვიკითხე ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგიდან (ჰაჰაა, ზოგჯერ საუკეთესო კომიკოსია სამყარო): „ცოტა რამ არსებობს, რასაც ფინჯანი კარგი ჩაი ვერ უშველის“... ქოცებს ვერ მოაშორებს ქვეყნიდან, სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია ჩემთვის.

ახლა გავიღვიძე. თავი მისკდება. კითხვისას თვალები მტკივა. კიდევ კარგი, ნორმალურად მეძინა. დაახლოებით, 9 საათი. 68 საათი გასულა ჩემი შიმშილობის დაწყებიდან. წინა 72 საათის მერე შევწყვიტე, ახლა აღარ ვაპირებ. ღამის სამზე გადავდე წიგნი და ეგრევე ჩამეძინა.

წვერი და თმა გამეზარდა. დაახლოებით ისე გამოვიყურები, როგორც ედრიან ბროუდის პერსონაჟი „პიანისტში“. ის ფაშისტების ტყვეობაში ყოფნის გამო იყო ასე, მე - „ქართული ოცნების“. და რა განსხვავებაა ამ ორს შორის?

ციხე ერთადერთი ადგილია, სადაც შენი გარეგნობა არავის აინტერესებს. აქ ხალხი ყოველდღე რეკავს, ზოგმა ლიმიტიც კი ამოწურა. მე კი ერთხელ დავურეკე დედას. ჩემი ოჯახის წევრებთან ლაპარაკს არაფერი მირჩევნია, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არ მაქვს სურვილი. უფრო უნდა ვინერვიულოთ და ვიტიროთ. ბებო ყველაზე მეტად განიცდის მგონი... ჩემი ბებო არის ზეადამიანი. ერთად ვუყურებთ ხოლმე ფილმებს, ვკითხულობთ წიგნებს, ვყვებით ლექსებს. როდის ვნახავ და ჩავეხუტები ნეტა, გარეთ. აქ ციხეში არც არავის ნახვა მინდა და არც საუბარი...

რომ იცოდეთ, აქ წებოდ კბილის პასტას იყენებენ. სარკის, კედელზე კალენდრის, ფურცლების ერთმანეთზე მისაკრავად. რაც თავზე საყრელად გვაქვს, კბილის პასტაა და დრო, რომელიც აქ კუს ნაბიჯებით მიღოღავს. ჯერ მხოლოდ 15 დღეა გასული, არადა, მგონია, მთელი წელია აქ ვარ.

ზემოთ როცა ვიყავი, სულ მცხელოდა, გრილი ჰაერი მინდოდა და ფანჯარას ვაღებდი. აქ პირიქით, სულ მცივა და ვერ ვთბები. მგონი გავცივდი კიდეც. წამლების მოთხოვნისგან თავს ვიკავებ ჯერჯერობით.

კიდევ ერთი დაკვირვება - შიმშილობის დროს, წიგნში ამოკითხულ ან ფილმში ნანახ საკვებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ. რასაც ჩვეულებრივ დროს ვერც კი შეამჩნევდი. აი, მაგალითად, ამ წამს ამოვიკითხე: „რა მალე მოხვედით. ერბოკვერცხის ჭამაც კი ვერ მოვასწარი“ და მაშინვე ამიწრიალდა მუცელი. გამახსენდა, დედა როგორ მიწვავდა ხოლმე დილას კვერცხს სამსახურიდან მოსულს, ორი ან სამი მყოფნიდა და ტყემალთან ერთად ვჭამდი. შემწვარი კვერცხი მომენატრა, ჰაჰა...

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ჩემს მუდმივ მოცემულობად იქცა. დღეს ბანაობაა. თან მიხარია და თან იმაზე ვფიქრობ, ჩემი სისუსტიდან გამომდინარე, არ წავიქცე „დუშის“ ქვეშ.

წელს პირველად არ დაიდგმება ჩემთან ნაძვის ხე. ვის აქვს მაგის განწყობა.

ისე, ციხის კვებიდან გამომდინარე, ბევრი არაფერი დამკლებია ჩემი შიმშილობით. ამ მხრივ, მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, კატასტროფულია. ოთხი საჭმელი, რაც აქ ყველაზე მეტად მომწონს: წიწიბურა, კატლეტი, მანიფაფა და ბარდის სუპი იყო. ისიც კვირაში ერთხელ. წარმოიდგინეთ, მანის ფაფა როცაა ყველაზე კარგი კერძი, როგორი კვებაა. ახლა კი შევჭამდი ერთ ქვაბ წიწიბურას. ჰაჰაა, რეებზე ვოცნებობ. ჩემი ცხოვრება ხომ ოცნებების სასაფლაოა, მარტივი რაღაცებიც არ ამსრულებია არასდროს. ისეთ რთულზე, როგორიც უიმბლდონზე დასწრება ან დონჩიჩის ნახვაა, ხომ ლაპარაკიც არ არის.

ეკრანზე კულინარიული შოუ გამოჩნდა და მე და ბატონმა ვეფხომ (რუმმეითი) საყვარელ საჭმელებზე და ვის რა მოენატრა, იმაზე დავიწყეთ საუბარი. მერე მითხრა, ახლა გავჩერდეთ, თორე დავუძახებ და ვეტყვი, ვწყვეტ შიმშილობასო. ამაზე ბევრი ვიცინეთ. მგონი ასეთ დროს კერძების გახსენება და წარმოსახვა შიმშილობის თანმდევი პროცესია, როგორც უდაბნოში ელანდებათ ხოლმე წყალი.

ასევე ნახეთ "ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში

პოლიტპატიმარი, შენც ახლა მერაბ კოსტავა არ მყავდეო, აგდებულად მითხრა ციხის უფროსმა. მერაბი ჩემი გმირია და მადლობა, მის გვერდით რომ მახსენე. ზოგადად კი, მონები ვერასდროს გაიგებენ ან აქ რატომ ვარ, ან იქ რატომ ვიდექი ყოველდღე, სად დგომაც ყველა ქართველის ვალია.

არ ვიცი, უბრალოდ დამთხვევაა თუ რაში იყო საქმე, გუშინ ციხეში ტელევიზორების საყოველთაო გათიშვა მაშინ, როცა ტვ პირველის ეთერში ის სიუჟეტი გადიოდა, სადაც მოსამართლეებს ამხელდნენ. არადა, როგორ მოვემზადეთ საყურებლად. ოც წუთში ისევ ჩაირთო. სხვებთანაც რომ გაითიშა, იმით მივხვდით, სხვა საკნიდანაც დაუძახეს ბადრაგს, რატომ არ აჩვენებს არცერთ არხსო და უპასუხეს, არ ვიცით, ყველასთან ასეაო.

ადვოკატების უმეტესობა, თითქმის ყველა, შიმშილობას უკრძალავს რატომღაც პატიმარს. ალბათ, თავის პროფესიონალიზმს აყენებენ უფრო წინ და არ უნდათ საკუთარი მუშაობა გაუფასურდეს იმით, რომ მსჯავრდებულმა შეიტანოს დიდი წვლილი მის გათავისუფლებაში და არა მან. აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? შეიძლება ერთის და ორის შიმშილობა არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ყველას, ოცდაათზე მეტ ადამიანს ერთად რომ დაგვეწყო, რა რეაქცია იქნებოდა გარედან? მე ჯერ მეხუთე დღეა ვშიმშილობ და მინდა მთელი თვე გავქაჩო.

დედას დავურეკე დღეს... მამაც ძაან ნერვიულობსო. მაგრამ ქუჩაში, სამსახურში, სანათესავოში ყველა ეუბნება, როგორი მაგარი, პატრიოტი და საამაყო შვილი გყოლიაო და ეგ ახარებს. „პალიტრამ“ ოცი წიგნი გაჩუქაო... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მესიამოვნა. სპორტული გაზეთები და კროსვორდები არ შემოატანინეს. არ ვიცი რატომ.

სიარული ჯერ შემიძლია. ციხეში დიდად სიარულიც არ გჭირდება, სად უნდა წახვიდე. უბრალოდ უნდა იწვე და ელოდო, დრო როდის გავა.

ვუყურებთ ქალბატონი სალომეს გამოსვლას და ხალხით გადატენილ რუსთაველს და ტირილით ვსკდები სიხარულით ამდენი ადამიანის დანახვაზე.

დაახლოებით 500 დემონსტრანტამდე დაიჭირეს, უმეტესობა სასტიკად სცემეს. მე ამ ნაცემებს შორის არ ვყოფილვარ, რაღაცნაირად თავს დამნაშავედ ვგრძნობ დანარჩენ ჩემს ნაცემ თანამებრძოლებთან. მე რატომ არ მცემეთ ვითომ, მაგით შემაშინებდით, რუსეთს შემაყვარებდით, ბრძოლის სურვილს გამინელებდით თუ რა? ამიტომ მე შიმშილობით გამოვხატავ სოლიდარობას ჩემი საამაყო ხალხის მიმართ.

დედამ მითხრა, თუ საახალწლოდ საჭმელებს შემომატანინებენ, შემოგიგზავნი ყველაფერს, რაც გიყვარსო. როგორი დასუსტებული იქნები, ვნერვიულობო. ვეტყვი, რომ არ მისცენ შემოგზავნის უფლება.

ახალ წელს შეიძლება ისევ ვშიმშილობდე, რად მინდა... ღმერთო, გამაძლებინე.

აქედან რომ გავალ, დანის ზოოპარკში და კარუსელებზე წავიყვან. დანი ჩემი ექვსი წლის დისშვილია, ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა. დედამ, სულ გკითხულობს, სად არისო. აქ თუ მოიყვანეს სანახავად, ვეტყვი, ურჩხულებს ვებრძოდი და დამატყვევეს-მეთქი.

კიდევ რას ვიზამ აქედან გასვლისას? სოფელში წავალ, მთელ ტყეებს და მთებს მოვივლი. შეიძლება სწავლაც განვაგრძო, ვნახოთ. და რაც მთავარია, შევჭამ ყველაფერს, რაც იჭმევა... ექიმის კაბინეტში ვიჯექი და მაცივარზე სტიკერი იყო, რომელზეც მარწყვი, კივი და ფორთოხალი ეხატა და მთელი იქ ყოფნის მანძილზე, იმ სტიკერს მივშტერებოდი. წნევა 100-70-ზე მქონდა და სამი კილო დამიკლია. არა უშავს, ჯერ წინ არის ყველაფერი.

უკვე მეექვსე დღე და 124 საათია რაც ვშიმშილობ.

24-25 დეკემბერი - „ჰაერი და სუნთქვა მომენატრა“

შიმშილობის კიდევ ერთი თავისებურება აღმოვაჩინე - ჰაერში საკვების ისეთ სუნებს იჭერ, მანამდე ყურადღებას რომ არ აქცევდი. ალბათ, დიდი ხანი ვეღარ გავქაჩავ. დავსუსტდი, აღარც ვლაპარაკობ, სიცილზე ხომ ლაპარაკიც არაა. შუაღამის ხუთი საათია და ვერცერთი ვერ ვიძინებთ. ალბათ ახალ წლამდე შევწყვეტთ.

ბოლო ოთხ დღეში ხუთი წიგნი წავიკითხე. მაგრამ ეს კითხვაც მაგრად მომბეზრდა. წიგნსაც შეგაძულებს აქაურობა.

ვერ ვხვდები, რატომ არ აცხადებენ ოპოზიციურ არხებზე ჩვენი შიმშილობის ამბავს? იქნებ ჩემი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ კამერების ჩანაწერებზე. მგონი ამით უნდა იწყებდნენ - უკანონოდ დაკავებული რეჟიმის პატიმრები შიმშილობენ. ხალხმა და ქვეყანამ უნდა გაიგოს, თორემ ციხის პერსონალს და დირექტორს ეს ფეხებზე ჰკიდია.

142 საათი გავიდა. დღეს ექიმმა, გლუკოზა გაქვს დაბალი და გადასხმას გაგიკეთებო. უარი ვუთხარი... ერთი დღეც და დავიწყებ ჭამას. ენერგია მჭირდება. მე ჩემი ვცადე, მაგრამ მაინც არ მოგვცეს კამერების ინფორმაცია.

ჰაერი და სუნთქვა მომენატრა.

უკვე 170 საათია ვშიმშილობ.

26 დეკემბერი - „გამომძიებელი მოდის - ნეტა რაზე უნდა ვისაუბროთ?“

მეცხრე დღეა, რაც ვშიმშილობ. ბატონი ვეფხო - მეათე. გვიჭირს, რთულია, მაგრამ ერთადერთი საბრძოლო იარაღი, რაც დაგვიტოვეს, ეგ იყო.

დღეს გამომძიებელთან ერთად მოვდივარო ადვოკატმა და ნეტა რაზე უნდა ვისაუბროთ. იმედია, არ მომიწევს იმ ჯოჯოხეთური დღის გახსენება.

ხვალ შიმშილობას შევწყვეტ.

...

რევაზ კიკნაძის დღიურები ციხიდან მცირედ შემოკლებულია რადიო თავისულების მიერ.

ასევე ნახეთ „აქ სულ სხვანაირადაა“ - აქტივისტ რევაზ კიკნაძის დღიურები ციხიდან

28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 40-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ცეცხლწაკიდებული ნივთის პარლამენტში სროლისთვის დაკავებულ ერთ არასრულწლოვანს პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს. ამ ყველა საქმეს სასამართლო არსებითად მომავალი წლის იანვრამდე აღარ განიხილავს.