პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ექვსივე მოქალაქე - ისინი 29 დეკემბრის დღის სამის ნახევრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიცია ამტკიცებდა, რომ მოქალაქეები მის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და უკანონოდ კეტავდნენ საავტომობილო გზის სავალ ნაწილს. უფლებადამცველები და თვითმხილველები კი აღნიშნავდნენ დაკავების დროს ძალადობას, თმის მოწიწკნასა და ცემას.
დაკავებულებს შორის იყო ერთი ქალი.
ასევე ნახეთ პოლიციამ რუსთაველზე აქციის ექვსი მონაწილე დააკავაპარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ შეიკრიბნენ, მისთვის "წითელი ბარათის" საჩვენებლად.
მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ცერემონიას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი სპეციალურად მოწყობილი პრესცენტრის ეკრანიდან ადევნებდა თვალს.
ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევენ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორთა დიდი ნაწილი.
ასევე ნახეთ მშვიდობა, ქართული სუფრა და სხვა აქცენტები - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის სიტყვა