ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზზე დრონით შეტევა დაადასტურა

ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” აფეთქება 25 დეკემბერს, დილით მოხდა.

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება დრონით შეტევის შედეგი იყო.

ადგილობრივი დროით დღის 2 საათისთვის მენიაილომ ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აფეთქება და ხანძარი გამოიწვია ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა. სერგეი მენიაილო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ზოგიერთ სხვა რეგიონზეც.

მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა არ დაადასტურა თავდაპირველი ვერსია, რომ სავაჭრო ცენტრში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა, ისიც უარყო, რომ ვლადიკავკაზზე დრონით შეტევა იყო, კერძოდ, ტელეანძის რაიონში.

ასევე ნახეთ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ცნობით, ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” დღეს, 25 დეკემბერს, დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

დილით, მეზობელი ინგუშეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ ქალაქ მალგობეკში დრონი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.

უკრაინას, რომელიც რუსეთის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით პრაქტიკულად, ყოველდღე უტევს, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ გროზნოზე დრონით შეტევა იყო, კადიროვი ოთხი „მებრძოლის“ დაჭრას ადასტურებს