უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 დეკემბერს გამოაცხადა, რომ წინა დღიდან შუადღემდე აღირიცხა 235 შეტაკება, ინტენსიური ბრძოლაა ხარკოვის, დონეცკისა და კუპიანსკის მიმართულებებით.
ამავე განცხადებით, რუსეთმა ამ პერიოდში დაკარგა 1600-ზე მეტი ჯარისკაცი და 30 დაჯავშნილი მანქანა - ამ მონაცემის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. მოსკოვი იშვიათად აკეთებს განცხადებებს ომში თავის დანაკარგებზე.
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) 23 დეკემბერს გავრცელებულ ანგარიშში წერს, რომ მიმდინარე ბრძოლაში რუსეთის პრიორიტეტები ბუნდოვანი რჩება, რადგან სამხედროებს წინსვლა აქვთ სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ პოკროვსკიდან.
"გაურკვეველია, რამდენად შეძლებენ რუსეთის ძალები ამ წინსვლის გამოყენებას ქალაქის გარშემორტყმისთვის, თუ ისინი აპირებენ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრისკენ წაიწიონ წინ", - წერს ISW.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მოსკოვი უახლოვდება ომში თავისი მთავარი მიზნის მიღწევას, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის ძალების კონტრშეტევის შემდეგ, რომლის მიზანიც იყო იქ შეჭრილი რუსეთის ნაწილების განდევნა და რომელმაც მცირე წარმატება მოიტანა 2023 წლის ოქტომბრისთვის, რუსეთის ძალები ნელ-ნელა მიიწევენ წინ დასავლეთით. რუსეთი ამჟამად დონეცკის რეგიონის ტერიტორიის 60 პროცენტამდე არეალს აკონტროლებს.
ახლა შესაძლოა რუსეთის ძალები ახლოს იყვნენ ქალაქ პოკროვსკის დაკავებასთან, რომელიც მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია ამჟამინდელი ფრონტის ხაზისთვის.
პოკროვსკი სტრატეგიულადაა მნიშვნელოვანი, რადგან სატრანსპორტო ცენტრია, ახლოსაა ფრონტის ხაზთან და მოქმედებს როგორც მომარაგების ცენტრი დონბასის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის.
ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენი რუსეთის ძალებს ბრალად სდებს, რომ მათ სიკვდილით დასაჯეს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელები