რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს ხუთი უკრაინელი - ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები, - თქვა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა.
ეს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ გამოთქმული ბოლო ბრალდებაა ომის დანაშაულში.
ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ახლო მანძილიდან დახვრიტეს ხუთი შეუიარაღებელი ჯარისკაცი მას შემდეგ, რაც ისინი დანებდნენ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ Telegram-ზე აღნიშნა, რომ უკრაინულმა სამხედრო ნაწილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სავარაუდო დახვრეტაა ასახული.
"მე ვაცნობებ ამ ფაქტს გაეროსა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს", - თქვა მან.
"რუსი სამხედრო დამნაშავეები, რომლებმაც დახვრიტეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები, უნდა წარდგნენ საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და დაისაჯონ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელით“, - დასძინა ლუბინეცმა.
რუსეთს ბრალდებაზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მანამდე უარყო ომის დანაშაულების ჩადენა. ლუბინეცმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაფიქსირებულია რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის 177 დადასტურებული შემთხვევა.
ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა ოქტომბერში განაცხადა, რომ სახეზეა რუსული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდა და დასძინა, რომ „რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, უშვებენ, წაახალისებენ ან პირდაპირ გასცემენ უკრაინელი ტყვეების სიკვდილით დასჯის ბრძანებას“. უკრაინული პროექტი, რომელიც ღია წყაროებს იკვლევს, 13 ოქტომბერს იტყობინებოდა, რომ 10 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს კურსკის რაიონის სოფელ ზელენი-შლიახთან.
ლუბინეცმა დაგმო სიკვდილით დასჯის ეს შემთხვევები, როგორც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის სერიოზული დარღვევა და განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა გაეროსა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს".
ფორუმი