რადიო თავისუფლება 28 ნოემბერს დაწყებულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.
ერეკლე ლოლაძე, ძმასთან, გიორგი ლოლაძესთან ერთად 30 ნოემბერს, ღამის პირველის ნახევარზე პარლამენტის უკან სცემეს და დააკავეს
გიორგი და ერეკლე ლოლაძეებს საოჯახო ბიზნესი აქვთ - ლოლაძეების მეღვინეობა სოფელ მისაქციელში. საპროტესტო აქციებზე ხშირად დადიან. 29 ნოემბერსაც რუსთაველზე იყვნენ. დილისკენ, როცა აქციის დარბევა დაიწყო და წყლის ჭავლის მანქანა უკვე რუსთაველის ქუჩას წმენდდა იქ შეკრებილი ადამიანებისგან, ერეკლე და გიორგი ლესია უკრაინკას ქუჩის კუთხეში აღმოჩნდნენ.
„ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა, ცოტა ზემოთ გადავინაცვლეთ, შევჩენკოს ქუჩისა და ლესია უკრაინკას კვეთაზე. რობოკოპები იდგნენ ჭიჭინაძის ქუჩაზე - უცბად სკოლის უკან ეზო რომ არის, იქიდან გამოცვივდნენ, ზოგი ჩაფხუტით, ზოგი უჩაფხუტოდ, ხალხი გაიქცა, ჩვენ რატომღაც გაქცევა არ ჩავთვალეთ საჭიროდ. კი არ დაგვაკავეს, ფიზიკურად გაგვისწორდნენ. მე წამაქციეს, ყბა იქვე მომტეხეს, მერე ჩემი ძმა მეხმარებოდა, ორივეს ძირს დაგდებულებზე ფეხებს გვირტყამდნენ. მერე ის ცალკე გაიყვანეს და როგორც მერე კადრები ვნახე, მას უფრო დიდხანს ცემდნენ“ - ასე იწყებს ერეკლე დაკავების ღამის გახსენებას. ის ფიქრობს, რომ პირველი, რაც მოხვდა და რამაც ყბა დაუზიანა, სპეცრაზმელის სპეციალური ხელთათმანიანი ხელი იყო.
ასევე ნახეთ „აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“კადრებში, რომელიც მათ ცემას ასახავს და რომელიც საცხოვრებელი სახლიდან არის გადაღებული, მართლაც ჩანს, როგორ გამორბიან ადამიანები ქუჩაზე, როგორ ეტაკება ერთი სპეცრაზმელი ტროტუარზე მდგომ ორ კაცს, აგდებს მათგან ერთს ქუჩაზე, მეორე ეშველება და ამ დროს ათობით სხვა სპეცრაზმელით ივსება უკვე დაცარიელებული ქუჩა. კადრებში ისმის ქალის ხმა, რომ ვიღაცას სცემენ - სპეცრაზმის ტალღას მოჰყვებიან ჟურნალისტები და ოპერატორები კამერებით.
„კამერები რო გამოჩნდნენ, ცოტა ხანს შეგვეშვნენ. კი არ გაგვიშვეს, ერთმანეთს გადაუძახეს, ახლა შეწყვიტეთ, მერე იქით გავაგრძელოთო და ცოტა ხანს აღარ გვცემდნენ, თრევით წაგვიყვანეს ჭიჭინაძემდე და იქ მოგვიწყვეს კორიდორი. სახეზე ორივეს წიწაკის სპრეი მოგვატარეს, სანამ ფეხზე დგახარ, ძირითადად მუშტებს გირტყამენ, რომ წაიქცევი, მერე ფეხით გდგებიან. ისეთი კორიდორი მოგვიწყვეს, ხან ვინ შეგვითრევდა და გვირტყამდა, ხან ვინ - ეგრე მიგვიყვანეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან. კორდონის ბოლოში რომ წამოგვაყენეს, იქ იყო ერთი, მე მგონი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ნიღაბი ქონდა ჩამოწეული და თუ სწორად მახსოვს, მკითხა, შენ ითხოვ მშვიდობას? ხო მიიღე მშვიდობა? იქ რომ ვეგდე, ერთი ზედ შემდგა, ხტუნაობდა ჩემზე, ვიღაცებს მოწოდებები ჰქონდათ, თავში ურტყით, მოკალით. შეიძლება შინაგანად მაინცდამაინც ჩვენი მოკვლა არ უნდოდა, მაგრამ მოტივაციისთვის და კაი დარტყმისთვის ახალისებდა ასე. ალბათ სულ 15 წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი - მერე უკვე პატრულს გადაგვაბარეს.
ამ კორდონში ჯერ მე წამიყვანეს, მერე კიდევ ერთი ყავდათ დაკავებული და ის მოიყვანეს და მერე ჩემი ძმა. მანამდე რაღაც დრო ჩემ ძმას საერთოდ ვერ ვხედავდი და ვითხოვდი კიდეც, დამანახეთ სად არის-მეთქი. იმაზე მძიმე, რომ ჩემ ძმას ვერ ვხედავდი, არაფერი არ იყო - ფიზიკური ტკივილის აღქმა იმ დროს დიდად არ გაქვს, ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა მაქვს, ზედა ყბა და ცხვირის ძვლებიც დაზიანებული მაქვს, მაგრამ სამმართველოშიც გავყევი და სასწრაფოს გამოძახებასაც მე თვითონ დიდად არ ვწადინობდი.
სათქმელად უხერხულია, მაგრამ მუცელში დარტყმების გამო შინაგანი ტკივილი დამეწყო, ამონაღებშიც სისხლი მქონდა და თვითონ მიხვდნენ, რომ კლინიკაში ვიყავი გადასაყვანი“, - ჰყვება ერეკლე.
ასევე ნახეთ რით დაიწყო და როგორ გაგრძელდა "ოცნების" დასჯა - ყველაფერი ერთად სანქციებზეკლინიკაში მან თითქმის ერთი კვირა გაატარა, 6 დეკემბრამდე. 13 დეკემბერს სასამართლოზე დაიბარეს, სადაც მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ჯარიმა არ დააკისრა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
ერეკლესგან განსხვავებით, დაკავების შემდეგ ორი დღით დააპატიმრეს მისი ძმა გიორგი, რომელიც მოსამართლემ 2300 ლარით დააჯარიმა. ორივე ძმა მათზე ძალადობის ამბავს მოუყვა როგორც სახალხო დამცველს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„ემოციურად, უსამართლობა იყო ყველაზე რთულად გადასატანი - გიორგისთვის სასამართლო პროცესი შოკი იყო, არ ელოდა ცრუ მოწმეებს და მერე კიდევ ეგეთ გადაწყვეტილებას. სასამართლო პროცესის დროს რომ ხვდები, რომ მოსამართლემაც იცის რას აკეთებს და მაინც გგონია, რომ ბოლოს მაინც სიმართლისკენ გადაიხრება და მანდაც გიმტყუნებს, არ არის ადვილი.
რო გამომწერეს, ორი კვირა არ შეიძლებოდა სიარული, მაგრამ სულ რამდენიმე დღე გავჩერდი სახლში და მერე ისევ დავბრუნდი აქციებზე. შენი საქმე რომ სხვისთვის გაქვს მიბარებული და უხერხულობის გრძნობა გაწუხებს, ეგ შეგრძნება მქონდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერეკლე.
„ვერცერთი ჭრილობა და მოტეხილობა ვერ იქნება იმაზე დიდი ტკივილი, ვიდრე თავისუფლების დაკარგვა!
ყველაფერი ადვილი აღსადგენია, ბიზნესიც, სამსახურიც და ჯანმრთელობაც, მაგრამ ქვეყნის რუსეთზე გადაბარება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ გარეთ!
ყველაზე მხდალი ხალხია ჩვენს წინააღმდეგ, მოპარვით, ნიღბებით სულ ცოტა 50 კაცმა გვცემა მე და ჩემი ძმა“, - ეს სტატუსი მან კლინიკიდან, 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. გიორგის მკურნალობის ხარჯები სახელმწიფოს საკუთარ თავზე არ აუღია.
ასევე ნახეთ „ბინ ლადენსაც შეშურდებოდა მისი ბრალდება“ - 19 წლის აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის ციხეში მოხვედრის ამბავი28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება: