ტრამპის თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურს. ეს ტრამპმა ამჯერად 22 დეკემბერს, არიზონის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თქვა.

ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე გაიმართება. ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ დღეს, 23 დეკემბერს, გამოაქვეყნა კრემლის პრესმდივნის, პესკოვის მოკლე კომენტარი, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის ორგანიზებისთვის „ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა“.

19 დეკემბერს, მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის და თანახმაა მას შეხვდეს.

ასევე ნახეთ ზელენსკი: ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია და შესაძლოა, ჩინეთის

დონალდ ტრამპი 7 დეკემბერს პარიზში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ასევე ნახეთ რას გულისხმობს და ვინ დაუჭერს მხარს მაკრონის სამშვიდობო მისიას უკრაინისთვის?

ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება შეუძლია, თუმცა როგორ, არ აკონკრეტებდა. ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევას.

2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი" უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.

უკრაინის აქტიური მხარდამჭერები შიშობენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდავს და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებს.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ პუტინს „სულელი“ უწოდა რაკეტებით „დუელის“ შეთავაზებისთვის