უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია ერთიანობა, ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები. ზელენსკის განცხადებით, წარმატებას სჭირდება ერთიანობა ამერიკის, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც უსაფრთხოების ფასი იცის.
უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, 10 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ.
ზელენსკი მაკრონს მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზებისთვის, ხოლო ტრამპს - ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის.
ზელენსკის თანახმად, ტრამპს უთხრა, რომ პუტინს ეშინია მხოლოდ მისი და შესაძლოა, ჩინეთის.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ომის სამართლიანად დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა და ახლავე მოქმედებაა საჭირო, რათა შესაბამისი საერთაშორისო წესრიგი აღდგეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე.
7 დეკემბერს, ზელენსკისა და მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება 2025 წლის 20 იანვრიდან.
78 წლის ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ფორუმი