OSCE/ODHIR-ის დასკვნა ახალი არჩევნებისთვის კიდევ ერთი საფუძველია - სადამკვირვებლო ორგანიზაციები

"სამართლიანი არჩევნების", “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “უკიდურესად კრიტიკულია” საბოლოო ანგარიში, რომელიც OSCE/ODHIR-მა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი მათთვის კიდევ ერთი საფუძველია, რომ “საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს”.

“[ანგარიში] დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს”; “თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან, - აღნიშნავენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. ტექსტში ჩამოთვლილია ძირითადი დარღვევები ეუთო/ოდირის დასკვნიდან:

  • საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი და, რიგ შემთხვევაში, დაჩქარებული წესით ცვლილება, რომელიც ეჭვს აჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით.
  • საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.
  • წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და "ქართული ოცნების" ფინანსური უპირატესობით სარგებლობა.
  • ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რის საფუძველზეც, შესაძლოა, ზოგიერთმა ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი და ხმა ვერ მისცა შიშის გარეშე.

“მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის მიხედვით, პროცედურულ-ტექნიკურად არჩევნების დღე ძირითადად ორგანიზებული იყო, იგი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი შემთხვევების გამო. ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა, ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალ საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების ფაქტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აწარმოებდნენ საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებას, რამაც შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩევლებზე”, - ვკითხულობთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში.

ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეუთო/ოდირმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა საარჩევნო დავების განხილვის პროცესი:

“[ანგარიშის თანახმად] დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჩივრის შეტანის უფლების შეზღუდვის, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკული შეუსაბამობების გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში, პოსტსაარჩევნო დავების განხილვამ საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში, ძირი გამოუთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას”.

არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ეუთო/ოდირი თავისი მანდატის ფუნქციებს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციის” მიზნით განმარტავს.

“ეუთო/ოდირი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას. ის აფასებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების შესრულებას არჩევნებთან მიმართებით. ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალხს, თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი. ამავე დროს, ოდირი წარმოადგენს საკუთარ რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესების სამომავლო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით”, - წერია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” (კოალიცია აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანიზაციას).

21 დეკემბერს ორგანიზაციებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ასევე ნახეთ ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობა - რა რეკომენდაციები აქვს OSCE/ODHIR-ს