უკრაინასა და რუსეთს შორის შედგა დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა

უკრაინის ჯარისკაცებს უკრაინის დროშა უჭირავთ დაღუპული სამხედროს კუბოს თავზე. ლვოვი, 20 სექტემბერი, 2024.

რუსეთმა და უკრაინამ პარასკევს განახორციელეს დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა. 42 ცხედარი რუსეთს გადაეცა, 503 - უკრაინას.

როგორც სამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა განმარტა, დაბრუნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებიდან 403 დაიღუპა დონეცკის მიმართულებაზე, 12 ლუგანსკის მიმართულებაზე, 57 ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ხოლო კიდევ 31 ცხედარი გადმოასვენეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან. ცხედრებს უკრაინაში უტარდებათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამოცნობა, რის შემდეგაც მათ ნათესავებს გადასცემენ დასაკრძალად.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა, რომელიც წარმოადგენს სამხედრო ოპერაციის საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფს, დაადასტურა გაცვლის ფაქტი, თუმცა დეტალები არ დაუსახელებია.

რუსეთი და უკრაინა 2022 წლიდან რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს. გაცვლა ჩვეულებრივ ხდება საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის შუამავლობით.

რუსეთი და უკრაინა ასევე ცვლიან ცოცხალ სამხედრო ტყვეებს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე განხორციელდა 58 ასეთი გაცვლა. 27 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზადყოფნა გამოაცხადა, განახორციელოს ომის დაწყების შემდეგ ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლა ფორმულით „630 630-ზე“. უკრაინულ მხარეს ამ ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ტყვეობაში იყო რუსეთის 1348 მოქალაქე, ხოლო რუსეთში - 6465 უკრაინელი. აგვისტოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გარღვევის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ასობით რუსი ჯარისკაცი, ძირითადად წვევამდელები.

ასევე ნახეთ რუსეთის ომბუდსმენი: კიევს გადაეცა ილ-76-ის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ცხედრები