Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ომბუდსმენი: კიევს გადაეცა ილ-76-ის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ცხედრები


რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ილ-76-ის ნამსხვრევები. ბელგოროდის ოლქი, 24 იანვარი, 2024.
რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ილ-76-ის ნამსხვრევები. ბელგოროდის ოლქი, 24 იანვარი, 2024.

რუსეთის რწმუნებულმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინას გადასცა 2024 წლის იანვარში ბელგოროდის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პატიმრების ცხედრები.

„ისინი გადაცემულია. ეს აღსრულდა და მე ამას ვესწრებოდი“, - თქვა მოსკალკოვამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში. რუსეთის ომბუდსმენს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ცხედრების გადასვენება.

უკრაინულ მხარეს მოსკალკოვას განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. „უკრაინსკა პრავდის“ რედაქტორებმა კომენტარი სთხოვეს სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საკოორდინაციო შტაბს.

24 იანვარს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონის სოფელ იაბლონოვოსთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მასში იმყოფებოდა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც რუსეთის ტყვეებში გადასაცვლელად მიჰყავდათ; ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი. უწყების ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლებამ ილ-76-ის ჩამოვარდნას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ამერიკული სარაკეტო კომპლექსი Patriot-ით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა შემდგარიყო, მაგრამ რუსულმა მხარემ არ შეატყობინა კიევს იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიყვანდნენ უკრაინის მოქალაქეებს გაცვლის ადგილზე. უწყებაში განაცხადეს, რომ ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ილ-76-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ვითარება შეიძლება ყოფილიყო დაგეგმილი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. უკრაინის ხელისუფლებამ კატასტროფის საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარეპატრიაციო ღონისძიებების შედეგად უკრაინაში დააბრუნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 563 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, მათ შორის 154 ცხედარი რუსეთის მორგებიდან. ამავე დროს თავმჯდომარე მოძრაობისა „ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ“, ვლადიმირ როგოვი, და ტელეგრამის არხი Mash აცხადებდნენ, რომ უკრაინაში დაბრუნებულ ცხედრებს შორის იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 62 სამხედრო ტყვე. ისინი, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ ილ-76-ში, რომელიც ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG