გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს აშშ-მა სანქციები დაუწესა

საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე მირზა კეზევაძე გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" არიან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები უწესდება ორ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც დღეს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ასევე ნახეთ აშშ-ის განცხადებით, ქართველ სამართალდამცავებსა და მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს

რას მოიცავს სანქციები გომელაურის და კეზევაძის წინააღმდეგ?

19 დეკემბერს დაწესებული სანქციების შედეგად, ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის ნებისმიერი ქონება და/ან წილები/ინტერესი იმ ქონებაში, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშაა, იბლოკება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს - OFAC-ს.

ასევე ნებისმიერი ფირმა/კომპანია/ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ჯამურად, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან მეტ დაბლოკილ პირს, ასევე დაბლოკილია. აშშ-ის პირებს შეიძლება დაეკისროთ სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ განკარგულების დარღვევისთვის.

გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებულ პირებთან, თავად შეიძლება აღმოჩნდნენ სანქციების წინაშე - აკრძალვები მოიცავს ნებისმიერ კონტრიბუციას ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას სანქცირებული პირისთვის, მის სასარგებლოდ ან მისგან.

აშშ-ის სანქციებს წინ უძღოდა ბრიტანული სანქციები

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებული არიან:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  4. ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  5. მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
ასევე ნახეთ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა მინისტრ გომელაურს, „ხარებას“ და პოლიციის სამ მაღალჩინოსანს

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22 დღეა, გრძელდება.

დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ.

სცემეს ჟურნალისტებსაც.

სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:

  • 227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
  • 158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.

"მაგნიტსკის სია" შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან. სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.