"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები დააწესოს კიდევ სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩართული იყვნენ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში.
ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის იძულების ან დაშინების გარეშე ხმის მიცემის უფლებისთვის", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ისინი გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" მოხვდნენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები უწესდება ორ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.
აშშ-ის სანქციებს წინ უძღოდა ბრიტანული სანქციები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში 22 დღეა, გრძელდება.
დემონსტრაციებისას პოლიციელებმა არაერთ ადამიანზე იძალადეს როგორც დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ.
სცემეს ჟურნალისტებსაც.
სახალხო დამცველი იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით კლინიკებსა და იზოლატორებში მოინახულეს 362 ადამიანი. მათგან:
- 227 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე;
- 158-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.
ფორუმი