ჩეხეთის დეპუტატების პალატამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსებს მნიშვნელოვნად უზღუდავს ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას.
დამტკიცებული შესწორებით, რუსეთის მოქალაქეები, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ვერ შეძლებენ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ამასთან, შესწორება ითვალისწინებს 15 წელზე მეტი ასაკის რუსების განაცხადების განხილვის სრულ შეჩერებას განუსაზღვრელი ვადით - მათ შორის განაცხადების, რომლებიც ამ დრომდეა შეტანილი.
გამონაკლისები დაიშვება პირებისთვის, რომლებმაც ჩეხეთში თავშესაფარი მიიღეს და ასევე მათთვის, ვინც, ქვეყნის მმართველთა შეფასებით, მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. გამონაკლისები დასაშვებია ჰუმანიტარული მიზეზებითაც.
შესწორებას მხარი დაუჭირეს მმართველი კოალიციის დეპუტატებმა, ოპოზიცია - როგორც პოპულისტური ორიენტაციის ნაციონალისტები, ისე პროევროპული "მეკობრეები" - წინააღმდეგნი იყვნენ.
კანონპროექტი გააკრიტიკეს რუსეთის დიასპორის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა - მათი შეფასებით, გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან რუსეთის მოქალაქეობის დათმობა არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ქონის გარეშე. კრიტიკოსები კანონპროექტს დისკრიმინაციულს უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ჩეხეთში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებმაც რუსეთი დატოვეს უკრაინის ომთან და პრეზიდენტ პუტინის მმართველობასთან უთანხმოების გამო. კანონპროექტის ავტორები კი მიანიშნებდნენ უსაფრთხოების პრობლემებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩეხეთის მოქალაქეობას ბევრი რუსი მიიღებს.
ასევე ნახეთ ჩეხეთმა რუსულ ნავთობსა და გაზში ხუთჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე უკრაინის დასახმარებლადბოლო წლებში ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო რამდენიმე ათასმა რუსმა. ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა, პირმა ქვეყანაში იცხოვროს 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის უფლება, იცავდეს კანონს და ჩააბაროს გამოცდა ჩეხურ ენაში.
ახლა დოკუმენტი სენატს გაეგზავნება განსახილველად, რის შემდეგაც მას ჩეხეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. მოელიან, რომ შესწორება ძალაში შევა 2025 წლის თებერვლიდან.
ასევე ნახეთ ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს გამოყოფს