Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა რუსულ ნავთობსა და გაზში ხუთჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად


საილუსტრაციო ფოტო. მილსადენები, რომელთა მეშვეობით ჩეხეთი ნავთობსადენ „დრუჟბიდან" იღებს რუსულ ნავთობს
საილუსტრაციო ფოტო. მილსადენები, რომელთა მეშვეობით ჩეხეთი ნავთობსადენ „დრუჟბიდან" იღებს რუსულ ნავთობს

ჩეხეთმა, რომელიც ევროპაში უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ჯერჯერობით ვერ შეძლო რუსულ საწვავზე უარის თქმა. ამას აჩვენებს ორი ევროპული კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით ჩეხეთმა რუსულ ნავთობსა და გაზში გადაიხადა 7 მილიარდი ევრო. ამის შესახებ საუბარია ენერგიის და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის და დემოკრატიის კვლევის ცენტრის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, ჩეხეთის მიერ რუსულ ნავთობსა და გაზში გადახდილი თანხა, სულ მცირე, ხუთჯერ აღემატება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად დახარჯულ თანხას (1,29 მილიარდი ევრო).

ჩეხეთის მიერ მილსადენებით რუსული ნავთობის იმპორტირებამ კრემლს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით მოუტანა 2,3 მილიარდი ევრო.

2023 წელს რუსულ ნედლ ნავთობზე ჩეხეთის დამოკიდებულება 60%-მდე გაიზარდა(2022 წელს 56% იყო), მიუხედავად მთავრობის განზრახვისა, რომ რუსულ ნავთობზე უარს ეტაპობრივად იტყვის. 2024 წლის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 49%-მდე შემცირდა, თუმცა, როგორც მკვლევრები წერენ, არა ჩეხეთის ძალისხმევის შედეგად, არამედ მილსადენ „დრუჟბიდან" ნავთობის მიწოდების ორჯერ შეფერხების გამო.

როცა ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსული ნავთობის და გაზის შეძენისთვის სანქციები დააწესა, მილსადენებით ნავთობის მისაღებად გამონაკლისი დაუშვა უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის, რათა მათ დრო ჰქონოდათ ალტერნატიულ წყაროებზე ეტაპობრივად გადასასვლელად.

თუმცა, ეს არ გაუკეთებიათ არა მხოლოდ უნგრეთს და სლოვაკეთს, რომელთა მთავრობების მეთაურებს ხშირად ადანაშაულებენ პუტინის რუსეთისადმი კარგ დამოკიდებულებაში, არამედ ჩეხეთსაც. კერძოდ, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა Orlen Unipetrol-ს, რომელიც პოლონეთის ნავთობკომპანია PKN Orlen-ს ეკუთვნის.

ევროპული კვლევითი ცენტრების ანგარიშის თანახმად, ჩეხეთს აქვს ნავთობის სხვა წყაროებზე გადასვლის ყველა შესაძლებლობა, თუმცა, Orlen Unipetrol-მა უპირატესობა მიანიჭა რუსული ნავთობის შეღავათიან ფასად შეძენის გზით დამატებით 1,2 მილიარდი ევროს შემოსავლის მიღებას.

რუსეთის ნავთობის და გაზის სექტორი კრემლის შემოსავლების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. 2023 წელს ამ სექტორზე მოდიოდა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების 32%.

ფორუმი

XS
SM
MD
LG