კიევის თანახმად, დაკავებულია 12 ჯაშუში, რომლებიც აგროვებდნენ მონაცემებს F-16 გამანადგურებლების შესახებ

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16. 4 აგვისტო, 2024.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტრდაზვერვამ აღმოაჩინა ფართო მასშტაბის ქსელი აგენტებისა, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსთვის (გრუ) აგროვებდნენ მონაცემებს F-16 გამანადგურებლების შესახებ. ამის შესახებ უწყების ტელეგრამის არხზე იტყობინებიან.

ოპერაციის შედეგად დააკავეს 12 რუსი აგენტი და მათი ინფორმატორები. ზოგიერთი მათგანი დეზერტირია, რომლებმაც უნებართვოდ დატოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და რუსულმა დაზვერვამ ისინი გადაიბირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი ჯაშუშობას ეწეოდნენ უკრაინის ხუთ რეგიონში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინის შეიარაღებული ძალების „პრორუსულად განწყობილი“ სამხედრო მოსამსახურეა. მან შეაგროვა და რუსეთს გადასცა მონაცემები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო აღჭურვილობის განლაგებისა და გადაადგილების შესახებ დნეპროპეტროვსკისა და უკრაინის სხვა რეგიონებში, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების სამართავი სამხედრო სამეთაუროების ადგილმდებარეობის შესახებ. ინფორმაციის შესაგროვებლად მან მოტყუებით აიყვანა უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე და მათ უთხრა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებში მუშაობდა.

სამხედრო მოსამსახურემ, სავარაუდოდ, თანამზრახველები მიიზიდა ზაპოროჟიედან, ასევე ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებიდან. ისინი ამ რეგიონებში, კერძოდ, ცდილობდნენ დაედგინათ საიდუმლო სამხედრო აეროდრომების ადგილმდებარეობა, სადაც, რუსული მხარის თანახმად, შეიძლება განლაგებული ყოფილიყო F-16-ები. გარდა ამისა, აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო იმ კომპანიების მისამართების დადგენა, რომლებიც მონაწილეობენ რადიოელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობის წარმოებაში რუსული დრონების ჩამოსაგდებად.

თითოეულის როლიდან გამომდინარე, სამხედროებს ბრალი ედებათ ღალატში, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების, მოძრაობის ან ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებაში.

აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა პირველი F-16 გამანადგურებლების მიღების შესახებ. მთლიანობაში კიევს 79 გამანადგურებელს დაჰპირდნენ ნიდერლანდიდან, დანიიდან, ბელგიიდან და ნორვეგიიდან. შეერთებული შტატები გეგმავს, მათ მიაწოდოს თანამედროვე რაკეტები, ბომბები და სხვა ტიპის იარაღი.

ასევე ნახეთ ვინ იყო ოლექსი მესი და როგორ დაიღუპა გამანადგურებელ F-16-ის უკრაინელი პილოტი?