„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი - მილოცვები პარლამენტში, ფეხბურთი და დიპლომები ქუჩაში

"ქართული ოცნების" პარლამენტში, 14 დეკემბრის ჩატარებულ არჩევნებზე მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და მხოლოდ მისი გვარი ეწერა ცესკოს მიერ დაბეჭდილ საარჩევნო ბიულეტენებში.

როცა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის რჩეულს საქართველოს პრეზიდენტად ირჩევდა, მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ ფეხბურთს თამაშობდნენ. ახალგაზრდები აქციაზე დიპლომებით მივიდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ყოფილ ფეხბურთელსა და ყოფილ პარლამენტარს - 53 წლის მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში, 14 დეკემბრის ჩატარებულ არჩევნებზე მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და მხოლოდ მისი გვარი ეწერა ცესკოს მიერ დაბეჭდილ საარჩევნო ბიულეტენებში.

კანდიდატს 300-წევრიანმა კოლეგიამ უყარა კენჭი. ამ კოლეგიას ძირითადად "ოცნება" წარმოადგენდა: 89 წევრი - სადავო პარლამენტიდან, 109 წევრი - საკრებულოებიდან [მან ოპოზიციის კვოტაც აითვისა], 13 წევრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან, სულ - 211.

ცესკოს შედეგით, მიხეილ ყაველაშვილს კოლეგიის 224-მა წევრმა მისცა ხმა. როგორც ჩანს, "ოცნების" წარმომადგენლების გარდა, ყაველაშვილს კიდევ 13 მხარდამჭერი გამოუჩნდა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოდან, სადაც წევრთა რაოდენობა სულ 20 იყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან ყაველაშვილის კანდიდატურაზე რამდენიმემ საჯარო უარი განაცხადა და მათ შორის - ადა მარშანიამ „ქართული ოცნების“ არჩევანი საარჩევნო ყუთთან დაიწუნა. „არ არის საპრეზიდენტო კანდიდატურა... უფრო უკეთ უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც, როგორც პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ“, - თქვა მან .

ოპოზიცია, რომელიც პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა [61 ხმა]; თუმცა მათი გვარები მაინც შეტანილი იყო კოლეგიის წევრთა სიაში.

ასევე ნახეთ 224 ხმით დელეგატებმა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს
ასევე ნახეთ არავის არავინ არ აურჩევია - სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილზე
ასევე ნახეთ „ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის“ - ირაკლი კობახიძე

ყაველაშვილი პარლამენტში პირდაპირ ფეხბურთის სამყაროდან მოხვდა, პირველად - 2016 წელს, როცა მან „ქართული ოცნების“ მიერ [სანზონის] მაჟორიტარად იყარა კენჭი, ხოლო მეორედ, 2020 წელს, ისევ „ოცნების“ მხარდაჭერით, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად მოხვდა პარლამენტში.

ყოფილმა ფეხბურთელმა მესამედაც იყარა კენჭი, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-18 ნომრად და ცესკოს შედეგებით, დეპუტატიც გახდა. თუმცა „ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება 10 დეკემბერს შეუწყვიტა - პრეზიდენტად მომზადების პროცესში.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საქართველოში მხოლოდ „ქართული ოცნება“, მისი მოკავშირეები და მხარდამჭერები აღიარებენ. ხოლო საერთაშორისო დონეზე, მცირე გამონაკლისის [უნგრეთი, სლოვაკეთი] გარდა, გამარჯვება „ოცნებისთვის“ დღემდე არავის მიულოცია.

ანტიდასავლური განწყობებითა და გამონათქვამებით ცნობილი მიხეილ ყაველაშვილი 2022 წელს, სხვა დეპუტატებთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ გამოეყო - ანტიდასავლური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ შემადგენლობაში. ეს განაყოფი თავისი განცხადებებით თავს ესხმოდა როგორც აშშ-ს, ასევე ევროკავშირს. ამავე პერიოდიდანაა ყაველაშვილის გამონათქვამები:

  • “ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის”.
  • “მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც უკანონობას მაძალებს. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა!”.

„ხალხის ძალა“ აშშ-ს საქართველოში არეულობის გამოწვევასა და ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას არა რუსეთის აგრესიად, არამედ - აშშ-თვის ხელსაყრელ დაკვეთად წარმოაჩენს.

2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონიც“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ დაარქვა. საერთაშორისო პარტნიორებისთვის სწორედ ეს კანონი იქცა პირველ და ყველაზე მკაფიო სიგნალად, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია.

ბევრი ფიქრობდა და ფიქრობს, რომ „ხალხის ძალა“ საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება და ამაზე ხშირად წერს საერთაშორისო მედიაც. „ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე“, - 2022 წლის მარტში, პარლამენტში გინებით უპასუხა ყაველაშვილმა ამ მოსაზრების ავტორებს.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში „ხალხის ძალის“ წევრებმა "ქართული ოცნების" პარტიული სიით იყარეს კენჭი; ხოლო ვიდრე მიხეილ ყაველაშვილს „ოცნება“ საპრეზიდენტოდ ამზადებდა, ერთპარტიულ პარლამენტში „ხალხის ძალა“ ფორმალურად უკვე მეორედ გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და კონსტრუქციული ოპოზიციის როლის შესრულების პირობა დადო, რაც ბევრმა თვალთმაქცობად შეაფასა.

27 ნოემბერს, როცა ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა, დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის ხელშეწყობაში მან კვლავ გარე ძალებს - „არაკეთილმოსურნე მეგობრებს“ დასდო ბრალი. თქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს „კონსტიტუციურ ჩარჩოში“ დააბრუნებს.

  • „მართალია, პრეზიდენტის პოსტი [საქართველოში] ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს, ყაველაშვილის არჩევა ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის, სავარაუდოდ, იქნება კიდევ ერთი ნიშანი, რომ საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს“, - წერდა „როიტერსი“ 27 ნოემბერს, როცა მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა.

რუსეთში კი, ყაველაშვილის ბიოგრაფიიდან სიხარულით გაიხსენეს ისიც, რომ, 1990-იან წლებში, ვლადიკავკაზის „ალანიას“ შემადგენლობაში ის რუსეთის ჩემპიონი გახდა. „ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი გახდება?“ - სტატია ამ სათაურით RTVI-მ გამოაქვეყნა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988-1995 წლებში ის იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში“, „გრასჰოპერში“, „ციურიხში“, „ლუცერნში“. მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე - უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.

ასევე ნახეთ "რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი ხდება" - რუსული პროპაგანდა
ასევე ნახეთ საქართველოს, რუსეთის, შვეიცარიის ჩემპიონი, "ოცნების" რჩეული "ხალხის ძალიდან" - კიდევ რა ვიცით პრეზიდენტობის კანდიდატზე?

პარლამენტარობამდე, 2015 წელს, მიხეილ ყაველაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, მაგრამ კენჭი ვერ იყარა - რადგან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება“, - ამბობდა 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილი.

9 წლის შემდეგ კი, დიპლომის არქონამ ბიძინა ივანიშვილს ხელი ვერ შეუშალა, რომ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად წარედგინა. კრიტიკოსებს „ოცნებიდან“ უპასუხეს, რომ „სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება“.

განათლების გრაფა ცარიელია მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებულ ცნობებში - პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. მთელი მისი საქმიანობა, პარლამენტის წევრობამდე - ძირითადად მთლიანად ფეხბურთს უკავშირდება.

27 ნოემბერს, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენისას, ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა პრეზიდენტობის კანდიდატის ფეხბურთში „სტაჟიან“ კარიერაზე, მაგრამ არაფერი უთქვამს კანდიდატის განათლებაზე.

„პატიოსნება“, „სამართლიანობა“, „პატრიოტიზმი“ და „პრინციპების ერთგულება“ - მთავარი თვისებებია, რასაც ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს უფასებს და ამყარებს მტკიცე იმედს, რომ - მომავალი პრეზიდენტი „იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში“.

ახალგაზრდებმა აქციაზე სიმბოლურად დიპლომები მიიტანეს - როცა "ქართული ოცნება" პრეზიდენტად დიპლომის არმქონე მიხეილ ყაველაშვილს ირჩევდა.

14 დეკემბერს, როცა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს „ქართული ოცნება“, ცესკოს დახმარებით, პარლამენტის სასახლეში უყრიდა კენჭს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე დიპლომებით მისული ახალგაზრდები ამბობდნენ - რომ უმაღლესი განათლება აუცილებელია პრეზიდენტისთვის და, რომ ყაველაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი ნებისმიერი მათგანი იქნებოდა.

პარლამენტის შენობის წინ ფეხბურთსაც თამაშობდნენ. ბურთის კენწვლის დროს ახალგაზრდები ხუმრობდნენ, რომ - საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებდნენ და პრეზიდენტად დაასახელებდნენ მას, ვინც ბურთს ყველაზე დიდხანს აკენწლავდა.

ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.