"გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო" - კაზრეთის სკოლის თანამშრომელს თავს დაესხნენ

ფიქრია ეპიტაშვილი

ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი კაცი დაესხა თავს და როგორც მისი მეგობარი ჰყვება სახე სამართებლით დაუზიანა. შემთხვევა 11 დეკემბერს, დღის საათებში მოხდა.

დაზარალებულს პოლიციაში კითხავენ, მანამდე კი ბოლნისის საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლებას ფიქრია ეპიტაშვილის მეგობარი, ნატა ცნობილაძე ესაუბრა, რომელიც ადგილზეა ჩასული.

მისი ინფორმაციით, ცარიელ ქუჩაზე, სკოლისკენ მიმავალ ფიქრია ეპიტაშვილს შავ ტანსაცმელში ჩაცმული თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა, მისკენ შემოატრიალა და დაზიანებები მიაყენა. თავდამსხმელს კაპიუშონი ეფარა და ხელთათმანები ეკეთა, სახე დაფარული არ ჰქონია, როგორც მეგობარი უყვება რადიო თავისუფლებას. მისი სახე დაინახა, თუმცა ამ ადამიანს არ იცნობს და მანამდე არასოდეს უნახავს.

"უკნიდან მიადგა შავებში ჩაცმული ადამიანი, მოატრიალა, სახეზე დაუსვა სამართებელი და თან მიაძახა: "გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო". ქუჩაში არავინ იყო. თან ფიქრიას ყურსასმენი ეკეთა და ვერ გაიგო, რომ ვინმე ეპარებოდა. ფიქრია ეცადა სამართებლის გამორთმევას, რადგან ეს ადამიანი გაჩერებას არ აპირებდა, ეჯიკავა, გამოართვა სამართებელი, დაეცა და ეს ადამიანი გაიქცა", - ჰყვება ნატა ცნობილაძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო, რომელიც თვითონ ფიქრიამ გამოიძახა. ამის შემდეგ კი ის ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს: "სახის გაკერვა საჭირო არ გახდა, უბრალოდ შეუხვიეს. ხელი აქვს დაზიანებული და ხელზე უფრო ღრმა ჭრილობა აქვს".

როგორც ნატა ცნობილაძე ამბობს, ფიქრია მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, კაზრეთიდან თბილისში დადის აქციებზე დასასწრებად და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს. "სავარაუდოდ, ამის გამო გადაწყვიტეს მასზე ანგარიშსწორება, რომ "ჭკუა ესწავლებინათ", - ამბობს ის.

ასევე ნახეთ „განყოფილებაში მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, სტრიპტიზს რომ ცეკვავ, ჩახდილიო“ - რას ჰყვება დაკავებული დემონსტრანტი

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმის გასარკვევად რა მუხლით დაიწყო გამოძიება და იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი. უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

მეთოთხმეტე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათ ნაწილზე პოლიციამ დაკავების და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.

10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ასევე ნახეთ:

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი