თბილისში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები.
"თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
7 დეკემბერს, დაახლოებით, 00:30 საათზე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატი პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" ცოტნე კობერიძე.
პოლიციამ, დაახლოებით, 01:10 საათზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალება, წყლის ჭავლი გამოიყენა.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელების კორდონია რესპუბლიკის მოედანზეც, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ, სადაც ასევე აკავებენ მომიტინგეებს.
ასევე ნახეთ სპეცრაზმი მობილიზებულია რესპუბლიკის მოედანზეც - დემონსტრანტებს იქაც აკავებენმანამდე, პოლიციამ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი მოქალაქე დააკავა.
ასევე ნახეთ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე პოლიციამ მოქალაქე დააკავაპარალელურად, პოლიცია მეტროსადგურიდან ამოსულ მოქალაქეებს ჩხრეკდა. შსს ამას "ზედაპირულ შემოწმება-დათვალიერებას" უწოდებს და ირწმუნება, რომ საპოლიციო ღონისძიება "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს.
პოლიციის მიერ მეტროში მოქალაქეების ჩხრეკას განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ შეამოწმოს მოქალაქეები.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციელი ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერებისას ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
ასევე ნახეთ ჩხრეკა, დაკავება, კონფისკაცია - 4 დეკემბრის ქრონიკა