პოლიციამ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავა. ისინი მას ესკალატორზე დაედევნნენ და ისე აიყვანეს.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მოქალაქე პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო აიყვანეს.
რადიო თავისუფლებას ადგილზე ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ მოქალაქემ პოლიციელების მისამართით დაიძახა "მონა", რის შემდეგაც დაედევნნენ მას დასაკავებლად.
მანამდე, "თავისუფლების" მეტროდან ამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები ჩხრეკდნენ. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მეცხრე დღეა საქართველოში არ წყდება პროტესტი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. სახელისუფლებო პარტიაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველ საღამოს დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქციები ძალადობრივ სახეს იძენს ხოლმე და ამ მიზეზით მოქალაქეებს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით შლიან.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს დაშავებული პოლიციელების შესახებ.
თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით.
ფორუმი