უნგრეთის სპეცსამსახურები ბუდაპეშტში მყოფ ევროკავშირის წარმომადგენლებს უთვალთვალებდნენ, ჩხრეკდნენ მათ სასტუმროს ნომრებს და უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა გამოძიება, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს ბელგიური გაზეთის De tijd-ისა და უნგრეთის საგამოძიებო ცენტრ Direkt36-ის ჟურნალისტებმა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა მტკიცებით, უნგრეთის საინფორმაციო ბიურო, საგარეო დაზვერვის ანალოგი, უთვალთვალებდა ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოს, OLAF-ის თანამშრომლებს, რომლებიც 2015-2017 წლებში მივლინებით იმყოფებოდნენ უნგრეთში. ევროპული საგამოძიებო ორგანიზაციის თანამშრომლები მაშინ დაინტერესებული იყვნენ უნგრეთის კომპანია Elios-ით, რომლის მფლობელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სიძე, იშტვან ტიბორჩია. Elios-ი იღებს სახელმწიფო შეკვეთებს საქალაქო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაც მოიცავს ქალაქის განათებას და ტრანსპორტსაც. OLAF-ის თანახმად, კონტრაქტებში, რომლებიც კორუფციული სქემებითა და მეთოდებით უნდა ყოფილიყო მოპოვებული, ძალიან იყო გაზრდილი ფასები. 2018 წელს OLAF-მა რეკომენდაცია მისცა ევროკავშირს, რათა მოეთხოვა უნგრეთისგან ბუდაპეშტის მეტროს განვითარებისთვის ევროკავშირისგან მიღებული 283 მილიონი ევროს სუბსიდიის უკან დაბრუნება, რადგან უნგრულ კონტრაქტებში ფულის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ნიშნები აღმოჩნდა.
გამოცემა Politico-მ უნგრეთის ხელისუფლებას მიმართა გამოძიებაში ნახსენები დასკვნების კომენტირებისთვის.
მაგრამ ვიქტორ ორბანის პრესმდივანმა ბერტალან ჰავაშიმ "პოლიტიკოს" განუცხადა, რომ ის "არ აკეთებს კომენტარს ყალბ ამბებზე".
ასევე ნახეთ ევროპის პარლამენტი ეჭვქვეშ აყენებს უნგრეთის ვარგისიანობას ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობისთვის