Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტი ეჭვქვეშ აყენებს უნგრეთის ვარგისიანობას ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობისთვის


ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი მასპინძლობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში. 3 თებერვალი, 2020 წელი
ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი მასპინძლობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში. 3 თებერვალი, 2020 წელი

ევროპის პარლამენტმა ეჭვქვეშ დააყენა, რამდენად მიზანშეწონილია, უნგრეთმა მომავალ წელს დაიკავოს ევროპული საბჭოს მორიგე თავმჯდომარის პოსტი.

ევროპის პარლამენტის წევრების დიდმა უმრავლესობამ 1 ივნისს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს იმაზე, გაართმევს თუ არა უნგრეთი მოცემულ დავალებას თავს.

ევროკავშირს უთანხმოება აქვს უნგრეთთან არა მხოლოდ ევროკავშირის კანონმდებლობის, არამედ მისი ფასეულობების ერთგულების საკითხებზეც. უნგრეთმა მორიგე თავმჯდომარის პოსტი უნდა დაიკავოს ივლისიდან 2024 წლის დეკემბრამდე.

ევროპის კავშირს ამჟამად გაყინული აქვს დაახლოებით 30 მილიარდი ევრო უნგრეთისთვის გამოყოფილი სახსრებიდან. მისი მტკიცებით, უნგრეთის სასამართლო და ზედამხედველობის ორგანოები არ არიან საკმარისად დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობისგან, რათა უზრუნველყონ ევროპის კავშირის სახსრების სწორად გამოყენება.

პარლამენტის დადგენილების მიხედვით, ბოლო წლებში უნგრეთში, მაგალითად, ზოგიერთი კანონი მიღებული იქნა საკმარისი საპარლამენტო კონტროლის გარეშე.

ევროპის პარლამენტი ახლა სთხოვს ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს, მოძებნონ საკითხის "სათანადო გადაწყვეტა" და დასძენს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს ჩარევა და შესაბამისი ზომების მიღება.

უნგრეთთან ევროკავშირის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 2015 წელს მიგრაციის საკითხში, როცა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სასაზღვრო ზღუდე ააგო და ლტოლვილების მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. დაახლოებით იმავე დროს ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტომ, OLAF-მა, განგაში ატეხა უნგრეთისთვის ევროკავშირის მიერ საერთო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზანშეწონილად გამოყენების გამო.

XS
SM
MD
LG