მას დღეს, 6 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა პოლიციაც, თუმცა იქ მყოფი ადამიანების მოწოდებების მიუხედავად, თანამშრომლებს მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.
"ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი. ამ ეტაპზე ვრჩები კლინიკაში", - წერს გაბაძე სოციალურ ქსელში.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაბაძე რადიო თავისუფლებასთან მოჰყვა, რომ მას თავს დაესხა ჯერ ერთი პირი, რომელმაც სახეში მუშტი ჩაარტყა, შემდეგ კი რამდენიმე ადამიანი ურტყამდა:
"ცისფერ გალერეასთან" ამოვიდნენ აქტივისტები, სადაც გრძელდებოდა მხატვრების პროტესტი. ამ დროს უბრალოდ გვერდზე გამოვედი, ვტვირთავდი მასალებს [რედაქციისთვის] და ვახორციელებდი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას, რა დროსაც ვიღაც პირი მომიახლოვდა, მეც შევხედე, [მითხრა] რას მიყურებო, მოვიდა და ძალიან ძლიერად დამარტყა ისე, რომ წარბი გამისკდა, მგონი.
ერთი პიროვნება იყო, ვინც პირველად მოვიდა, თავს დამესხა და მერე რამდენიმე მირტყამდა. ზუსტად არ ვიცი - რამდენი", - ჰყვებოდა ჟურნალისტი.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პოლიციამ ის ჯერ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, მოგვიანებით კი - კლინიკაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ მოახდინეს სამართლებრივი რეაგირება, კერძოდ, ეცადნენ გაბაძესთან დაკავშირებას, გამოძიების დასაწყებად კი მის პასუხს ელიან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიმდინარე პროტესტების გაშუქებისას ჟურნალისტებს თავს ესხმიან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის, პირველ დღეებში სპეცრაზმმა დააკავა და სცემა "პუბლიკის" ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, რომელსაც ცხვირის ოპერაცია დასჭირდა. აქციის დარბევის გაშუქებისას თავს დაესხნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტ დავით ცაგარელსაც.
ასევე ნახეთ ჟურნალისტების სია: ვინ და როგორ დაშავდა აქციის დარბევისას ასევე ნახეთ „ჩავიკეცე, ვერ ამოვისუნთქე“ - როგორ უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს