ტრამპმა დევიდ საქსს ჩააბარა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის სფეროები

დევიდ საქსი რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას მილუოკში, ვისკონსინის შტატში. 15 ივლისი, 2024 წელი

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა დევიდ საქსი დანიშნა თავისი ადმინისტრაციის ახალ, „ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის სფეროს“ ე.წ. ცარის თანამდებობაზე. ამ ცნობას ავრცელებს Reuters-ი.

საქსი PayPal-ის ყოფილი მთავარი ოპერატიული დირექტორია. ახალ პოსტზე „ის იმუშავებს სამართლებრივი საფუძვლის შექმნაზე, რათა კრიპტოვალუტამ გამჭვირვალობა შეიძინოს და აყვავდეს აშშ-ში“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ტრამპის მომხრეები ტექნოლოგიური სფეროდან ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის - ბიტკოინის - მინიმალურ რეგულირებას უჭერენ მხარს. ისინი მიიჩნევენ, რომ გადაჭარბებული სახელმწიფო კონტროლი მოგუდავს ამ ინოვაციურ სექტორებს.

ტრამპი ადრე კრიპტოვალუტას თაღლითობად მიიჩნევდა, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აზრი შეიცვალა. მან პირობა დადო, რომ აშშ-ს „კრიპტოვალუტის მსოფლიო დედაქალაქად გადააქცევს“ და აპირებს ბიტკოინის ეროვნული მარაგის შექმნას.

52 წლის დევიდ საქსი PayPal-ის ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი იყო. ის არის კრიპტოვალუტების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი. 2017 წელს CNBC-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სჯერა ინტერნეტზე ბიტკოინის რევოლუციური გავლენისა და მოელის, რომ შეიქმნება ახალი ტიპის ინტერნეტი, რომელსაც ზოგიერთები „დეცენტრალიზებულ ინტერნეტს ან ფულის ინტერნეტს უწოდებენ“.

აშშ-ის პრეზიდენტად ნოემბერში არჩეული ტრამპი თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს მომავალი წლის იანვარში.

ასევე ნახეთ ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 100 ათას აშშ დოლარს