ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 100 ათას აშშ დოლარს.
ბირჟა Binance-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა 5 დეკემბერს დილით, თბილისის დროით 6:39-ზე 100 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა და ზრდა განაგრძო. დილის 7 საათისთვის ბიტკოინის ფასმა 104 ათას დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასის $101000-მდე გაზრდის შესახებ იმავე დროს იტყობინებოდა ვებსაიტი CoinMarketCap, რომელიც 20-ზე მეტი ბირჟის მონაცემებს ითვალისწინებს.
ბიტკოინის ფასმა მატება დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. 5 ნოემბრის შემდეგ, როცა ტრამპის არჩევნებში გამარჯვება გახდა ცნობილი, ბიტკოინი 40%-ით გაძვირდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან – გაორმაგდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „მსოფლიოს კრიპტო დედაქალაქად“ გახდის და ბიტკოინების მარაგს დააგროვებს. დღეს კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობა, ექსპერტების აზრით, სამ ტრილიონ დოლარზე მეტია. ამასთან, სულ რაღაც სამი წლის წინ ტრამპმა ბიტკოინს თაღლითობა უწოდა.
ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს კრიპტო ლობისტის, პოლ ატკინსის დანიშვნას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელად.
კომისია ითვლება კრიპტოვალუტების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოწინააღმდეგედ გლობალურ ფინანსურ სამყაროში. მარეგულირებელმა უწყებამ სამართალწარმოება წამოიწყო კრიპტოვალუტის წამყვან კომპანიებთან.
ფორუმი