რის გამო დაიჭირეს ალექსანდრე ელისაშვილი - რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე?

ალექსანდრე ელისაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი აფთიაქის წინ მოხდა. ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ დააკავა, სადაც პოლიტიკოსი ოპოზიციის ლიდერების შეკრებაზე იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.

ტელეკომპანია „იმედმა“ 2 დეკემბერსავე, საღამოს საინფორმაციო გადაცემაში საავადმყოფოდან ჩართო დაზარალებული ალი ბაბაევი, რომელმაც, წამყვანების თხოვნით, ელისაშვილთან დაპირისპირება აღწერა:

„კოსტავას 22 ნომერთან, "ავერსის" აფთიაქში შევდიოდი, როცა უკნიდან მომესმა შეძახილი: "ეს არის არაკაცი, ეს არის “ქართული ოცნება” და რუსეთის მონაო". და დაიწყო პარტიის ლიდერების გინება. შემოვტრიალდი. დავინახე ალექსანდრე ელისაშვილი. მეთქი, რას ყვირი, არ გრცხვენია, ამხელა კაცი ხარ-მეთქი. დამიწყო გინება, რა უნდა მრცხვენოდესო და გადმოვიდა თავდასხმაზე. რამდენჯერმე შემეხო. ბოლოს წავიქეცი. გონება დაკარგული მქონდა. გამოიძახეს სასწრაფო. ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში. მიკეთებენ კვლევას“.

ალი ბაბაევმა, რომელიც „იმედის“ წამყვანებმა მაყურებელს საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარედ წარუდგინეს, ასევე თქვა, რომ პირადად არ იცნობს ელისაშვილს და, რომ მხოლოდ ერთხელ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამუკა მდინარაძისათვის თავში ჩარტყმა იყო არაკაცური საქციელი.

ალი ბაბაევის საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო შს სამინისტრომ, რომელმაც მალევე გაავრცელა განცხადება:

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს [ალი ბაბაევს - რ.თ] თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო“.

მოგვიანებით პროპაგანდისტულმა მედიამ ასევე გამოაქვეყნა კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებიც ქუჩის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.

რა ჩანს ვიდეოჩანაწერში?

უხმო ვიდეოში, რომელიც სულ 50 წამი გრძელდება, პირველივე წამებიდან ჩანან ალი ბაბაევი და ალეკო ელისაშვილი. მამაკაცებს შორის მანძილი დაახლოებით 2-3 მეტრია. ელისაშვილი თითქოს აგრძელებს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობას (შორდება), თუმცა სახით მიბრუნებულია ბაბაევისკენ და რაღაცას ეუბნება მას. საუბრისას ორივე იყენებს ხელების ჟესტიკულაციას. შემდეგ ელისაშვილი მიდის ბაბაევთან და ქურთუკში ავლებს ხელს. ბაბაევი ხელის კვრით იშორებს ელისაშვილს, რომელიც ასევე კრავს ხელს და რაღაცას ეუბნება ბაბაევს. შემდეგ ბრუნდება და აგრძელებს მოძრაობას (შორდება ოპონენტს). წამიერად კადრში რჩება მხოლოდ ალი ბაბაევი, რომელსაც ხელი აქვს გაშვერილი იმ მიმართულებით, საითკენაც ელისაშვილი წავიდა და რაღაცას უყვირის. რის პასუხადაც ელისაშვილი ბრუნდება კადრში (შემოვარდება) და წიხლს ურტყამს ბაბაევს. თუმცა ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირების გაგრძელება შეუძლებელი ხდება გამვლელების მყისიერი ჩარევის გამო (აშველებენ) - გაჰყავთ ელისაშვილი, მაგრამ ამ დროს აქტიურდება ალი ბაბაევი. იწყება ხელების ქნევა, ჯაჯგური, რომელიც 2-3 წამი გრძელდება გამშველებლების ენერგიული ჩარევის გამო. ამ მომენტიდან „იმედის“ მიერ გაშვებულ ვიდეოში ჩნდება სხვა კამერიდან გადაღებული კადრი. ჩანს მხოლოდ ალი ბაბაევი, რომელიც იქვე მდგომ მამაცს ართმევს წვრილ, გრძელ საგანს (სავარაუდოდ, ხელჯოხს) და მისდევს ელისაშვილს, რომელიც კვლავ ბრუნდება უკან და კვლავ იწყება ჯაჯგური, მაგრამ, ისევ და ისევ გამვლელების ძალისხმევით, დაპირისპირების გაგრძელება ვერ ხერხდება.

ქეთი თურაზაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილის თანაპარტიელის, ქეთი თურაზაშვილის თქმით, იმ კადრებიდან, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ გაეპარა, კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს „მსხვერპლი“ ალი ბაბაევი ჯოხს ალექსანდრე ელისაშვილს:

„ეს არის „ოცნების“ ხელწერა - პროვოკაციის დადგმა და შემდეგ რეაგირება. საზოგადოების ყურადღება მინდა მივაქციო იმაზე, რომ რვა დღეა ვუყურებთ როგორ ამტვრევენ ძვლებში ახალგაზრდებს, როგორ დევნიან მათ ქუჩებში და ასისხლიანებენ, ზოგი ლამის სიკვდილამდე მიჰყავთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაზე გამოძიება არც კი დაწყებულა მოძალადეების წინააღმდეგ. ამ ფონზე თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლები დევნიან ოპოზიციონერებს დადგმულ პროვოკაციებზე რეაგირებით. ამას აკეთებენ საზოგადოების დასაშინებლად“.

ქეთი თურაზაშვილის თქმით, ასევე საზოგადოების დაშინებას ისახავდა მიზნად ისიც, თუ რა ფორმით დააკავეს ალექსანდრე ელისაშვილი:

„წარმოუდგენელი ამბავია, ვიღაცას რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. „ქორთიარდ მარიოტიდან“ გამოვედით საქმიანი შეხვედრიდან, როცა მას თავს დაესხა ათამდე პოლიციელი და გაიტაცა ის. არადა, ორი დღის განმავლობაში ჩვეულებრივ დადიოდა ყველგან, არ იმალებოდა. მათ შეეძლოთ სამართლებრივ ჩარჩოებში მოეხდინათ მისი დაკავება, როგორც ეს ხდება ნორმალურ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან მოხდა ასე პროვოკაციულად, გატაცებით“.

ასევე ნახეთ თავისუფლების მოედანზე დააკავეს ალეკო ელისაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი

დაკავებისას, როგორც ალეკო ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა:

„დაზიანებები აქვს სახის არეში და აგრეთვე, ზურგის არეში. ვფიქრობ, რომ შეიძლება ჰქონდეს ნეკნი მოტეხილი, იმიტომ, რომ ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზას. ფაქტია და აშკარაა, რომ დაკავებისას განხორციელდა სერიოზული ძალადობა მის მიმართ. ძალის გამოყენებით მოხდა დაკავება. ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. მოვითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა“.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიარდ მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი