ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული

ალეკო ელისაშვილი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას
ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური
პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს [ალი ბაბაევს - რ.თ.] თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო", - ნათქვამია შსს-ს პრესრელიზში.

ასევე ნახეთ თავისუფლების მოედანზე დააკავეს ალეკო ელისაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი

ალეკო ელისაშვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე დააკავეს ზურაბ დათუნაშვილიც, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი და ჩემპიონი ჭიდაობაში.

4 დეკემბერს თბილისში ჩხრეკა ჩატარდა ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე შვიდი პირი დააკავეს, ხოლო "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე ჩხრეკა ჩატარდა ექვსი პირის სახლებში.

ასევე ნახეთ "ყველა რომ დაგვიჭირონ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს" - ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

ალეკო ელისაშვილს 1 მაისს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. მას პოლიციამ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზეც სცემა. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობოდა სახესა და სხეულზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის მოკვლევა დაიწყო, თუმცა დამნაშავეები ამ გამოძიებას არ უპოვია და არც საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს კოკა კაციტაძეს - "თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება"