კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გზა გადაკეტეს - სწავლა შეწყვეტილია რამდენიმე სხვა სკოლაშიც

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა გზა გადაკეტეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.

თბილისის კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს. ამ სკოლის მასწავლებლებმა წინა დღეებში თქვეს, რომ ამ ეტაპზე მათი მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის აქციებზე ქვეყნის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება.

სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების პეტიციაში წერია, რომ ისინი ემიჯნებიან საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას და მოსწავლეების გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს.

"გადადგით ნაბიჯი თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდებისა და კონსტიტუციის მხარდასაჭერად!

ჩვენ, ხელმომწერები, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ვთხოვთ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, გადამწყვეტ მომენტში გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს მომავლისთვის და დადგნენ ჩვენს გვერდით", - აღნიშნულია პეტიციაში.

კომაროვის სკოლის გარდა, დღეს სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხვა კერძო და საჯარო სკოლებშიც.

  • 29 ნოემბერს "ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ 2 დეკემბერს სკოლა არ იმუშავებს.

  • ამავე დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა "მწვანე სკოლამაც". განცხადების მიხედვით, ამ ნაბიჯით მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება დაიცვეს.
  • სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამაც.
  • 1 დეკემბერს UG სკოლამ დაწერა ოფიციალური განცხადება, რომელშიც, პედაგოგების გაფიცვიდან გამომდინარე, ორი დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოაცხადა.
  • მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში.
  • ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები დილიდან გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოზარდები სკოლის მიმდებარედ დედა ენის ძეგლთან შეიკრიბნენ და მასწავლებლებს მოუწოდეს, შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ თბილისში აქციების დარბევა და საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება.
  • გაფიცულია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაც.

გარდა სკოლებისა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში - სწავლის პროცესის შეწყვეტას ითხოვენ ქუთაისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები;

გაფიცვას აწყობენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

სოხუმის უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები

ასევე ნახეთ საია: შსს ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, სჩადის დანაშაულს

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.