საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა მონაწილეები „ქართული ოცნების” ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ”.
სამინისტრო არ აკონკრეტებს, ვისი მხრიდანაა ზეწოლა და საბოტაჟისკენ მოწოდებები. სავარაუდოდ, იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებები, რომ შექმნილ ვითარებაში ქართველი დიპლომატების დუმილი დანაშაულია.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, თანამდებობა დატოვეს საქართველოს ელჩებმა ბულგარეთში, ნიდერლანდში, ლიეტუვასა და იტალიაში. ასევე, ელჩმა აშშ-ში.
ასევე ნახეთ საგარეო უწყების 80-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაკონკრეტების გარეშე ისიც ნათქვამია, რომ „მიუღებელია უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები”.
სამინისტრო, რომელსაც „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გასულ კვირაში დამტკიცებულ მთავრობაში მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება და შესაბამისად, განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს:
„საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას”.
ასევე ნახეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და გაფართოებაზე ევროკომისრის განცხადება: ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხთან ასევე ნახეთ ურზულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს28 ნოემბრიდან თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. ამასთან, ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.