"ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხსა და მის არჩევანთან - ჰქონდეს ევროპული მომავალი. ევროკავშირში შესასვლელი კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია" - წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში.
"ევროკავშირი გამოხატავს სინანულს 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებსა და ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების გამო.
შევნიშნავთ, რომ ეს განცხადება აჩვენებს საქართველოს ყველა ადრინდელი მთავრობის პოლიტიკისა და საქართველოს ხალხის უდიდესი უმრავლესობის ევროპული სულისკვეთებისგან გადახვევას, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული" - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელშიც დაზუსტებულია, რომ გაწევრიანების პროცესი ირაკლი კობახიძის განცხადებამდე თვეებით ადრე შეჩერდა:
"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კურსმა და დემოკრატიის უკუსვლამ მიმდინარე წლის ივნისში უკვე გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და ის, რომ შეჩერებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ნაწილი".
კაია კალასი და მარტა კოსი ეხმაურებიან საქართველოს მოქალაქეების პროტესტსა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ ძალადობრივ მოპყრობას:
"საქართველოს ხალხი კვლავ გამოვიდა ქუჩაში ევროკავშირში გაწევრიანების სულისკვეთების კიდევ ერთხელ დასადასტურებლად. ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს მთავრობის ეს ქმედებები ახდენს პირდაპირ ზეგავლენას ჩვენს ურთიერთობებზე.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები და არ უნდა მიმართოს ძალის გამოყენებას საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და ყველამ, ვისაც ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს".
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე და მისი ჩატარებისას გამოვლენილ დარღვევებსაც ეხებიან და აცხადებენ, რომ ელოდებიან ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას:
"ევროკავშირი კვლავაც გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიის განგრძობადი უკუსვლის გამო, იმ დარღვევების ჩათვლით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს. ამ კონტექსტში ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს".
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გამოაცხადა და ასე წარმოადგინა:
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ ისინი საქართველოს არა შანტაჟითა და შეურაცხყოფით, არამედ ღირსეულად უნდა ელაპარაკონ".
ფორუმი