პროტესტის მეოთხე დღე - აქცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო

საქართველოს პარლამენტთან პროევროპული აქცია დაიწყო. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. ამას გარდა, აქტივისტების მცირე ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას.

საპროტესტო დემონსტრაციები იმართება ბათუმსა და გორშიც. ბათუმში თბილისის მსგავსად პოლიციაა მობილიზებული.

უცვლელია ვითარება საქართველოს პარლამენტთან. პოლიციამ უკვე დაიკავა საქართველოს პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები.

საპროტესტო აქცია გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. შეკრებილები მენეჯმენტის ცვლილებას და ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.

ასევე ნახეთ დაუთმეთ ეთერი პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ ლიდერებს - პროტესტის მეორე დღე საზმაუსთან

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.