ომბუდსმენი: დაკავებულები მიუთითებენ სპეცრაზმელების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე

სპეცრაზმელები საქართველოს პარლამენტთან. 2024 წლის 29 ნოემბერი

საპროტესტო აქციაზე 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირიდან, რომლებიც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 38 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ დღეს, 1 დეკემბერს განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვს.

სახალხო დამცველის განცხადებით, საგანგაშოა, რომ დაკავებულები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. კერძოდ, დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს და არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს.

დაკავებულთა ნაწილის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ დაკავების შემდეგაც, პოლიციის ავტომობილში.

ამ დრომდე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, საერთო ჯამში, მოინახულეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 28-30 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული/დაშავებული 125 პირი.

ასევე ნახეთ „თქვენ გინდათ რევოლუციაო?“ - რას ჰყვება რადიო თავისუფლების პროდიუსერი, რომელიც სპეცრაზმმა დააკავა და სცემა

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ასევე ნახეთ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.