თბილისის კინოფესტივალმა ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა

დემონსტრანტების დასაშლელად შეკრებილი სპეცრაზმელები საქართველოს პარლამენტთან

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მკაცრად დაგმო სახელმწიფოს ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

საერთშორისო კინოფესტივალის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და გმობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს.

„კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და „ქართული პანორამის“ ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას”.

ამასთან, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პარტნიორებისა და სპონსორებისადმი არსებული ვალდებულებების გამო ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება განრიგის მიხედვით.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში” 1 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე ტატო კოტეტიშვილის ფილმ „წმინდა ელექტროენერგიის“ ჩვენებით უნდა გახსნილიყო. ფილმის ჩვენება არ შედგება. ამასთან, ქართველი კინემატოგრაფისტები შეიკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი თავის პოზიციას გამოხატავენ.

ასევე ნახეთ მოსამართლეები, პროფესორები, კლუბები განცხადებებს ავრცელებენ

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.