ორმა ჟურნალისტმა "რუსთავი 2" დატოვა "მიმდინარე მოვლენების გამო"

მარიამ ჯანელიძე და ბექა პატურაშვილი

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება დაუდასტურა თავად მარიამ ჯანელიძემ, ის ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა. ინფორმაცია დაადასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ. 

მარიამ ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.

ჯანელიძის თქმით, არხის დატოვებას ის და ბექა პატურაშვილი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, — თქვა ჯანელიძემ და რადიო თავისუფლების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან მოხსნას, მან უპასუხა:

“კი, კი, რა თქმა უნდა… იქიდან გამომდინარე რაც ქუჩაში ხდება. ჩვენს კოლეგებზე თავდასხმისა და მიმდინარე ამბების გამო”. ჯანელიძის თქმით, მათსა და “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას შორის არხის დატოვებასთან დაკავშირებით “ადეკვატური კომუნიკაცია შედგა”.

ასევე ნახეთ დემონსტრაციის მეორე დღის გაშუქებისას კვლავ ძალადობენ ჟურნალისტებზე

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი ის მიზეზი, რომელსაც ჯანელიძე ასახელებს. შუბლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არხის დატოვების შესახებ საუბარი მას აქამდეც არაერთხელ ჰქონია ორივე თანამშრომელთან:

“თვითონ თუ თქვეს, რომ აქციას უკავშირდება არ ვიცი, მაგრამ მანამდეც გვქონდა დიდი ხანი საუბარი და ბოლოს ასე გადაწყვიტეს. კონკრეტული წინადადება არ თქმულა. მე მათი შეხედულებები ვიცოდი მანამდეც და მანამდეც გვქონდა ეს საუბრები, მერე რატომღაც გადაწყდა რომ დარჩებოდნენ", - ამბობს შუბლაძე. ის არ ადასტურებს რადიო თავისუფლების ინფორმაციას, რომ ჯანელიძის და პატურაშვილის გარდა ტელეკომპანია დატოვა კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა.

ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების საკითხი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია მათ ცხელ ხაზზე. ადვოკატები დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

შსს-ს განცხადებით, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

უფლებადამცველების შეფასებით დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ „სახის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აქვს“ - განსაკუთრებული ძალადობით დაშლილი აქცია