ევროპელი პოლიტიკოსები თბილისში აქციის დარბევასა და მთავრობის მიერ შეწყვეტილ ევროინტეგრაციაზე

ევროკავშირის დროშა აქციაზე

ევროპელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან საქართველოში 28-29 ნოემბრის ღამით აქციის დარბევასა და საქართველოს მთავრობის უარს ევროინტეგრაციის გაგრძელებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და სოლიდარობას უცხადებენ ქართველი ხალხის ბრძოლას.  განცხადებები ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელ X-ის მეშვეობით გაავრცელეს. 

"ასოცირებული ტრიოს" წევრი ქვეყნებიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთეს მოლდოვის პრეზიდენტმა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მთავრობას ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და დაგმო ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ:

“ქართველები ევროპელები არიან.

საქართველოს მომავალი ევროპაშია და ეს არავის შეუძლია წაართვას მათ.

მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, - დაწერა მან.

საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათ დაგმეს 28-29 ნოემბრის აქციის დარბევა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

“უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია.

ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის განუყოფელი ნაწილი, და დაუბრუნდეს ყველა იმ რეფორმის განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში წევრობისთვის”, - წერს სამინისტრო განცხადებაში.

"საქართველოს მთავრობამ რუსეთისადმი ნელი დათმობების გამართლება სცადა „უკრაინული სცენარის“ თავიდან აცილების დაპირებებით, რაც გულისხმობდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სწორედ უკრაინულ სცენარს ვხედავთ, თუმცა განსხვავებული მოვლენების", - ეს უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გამოხმაურებაა.

ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ, 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნის, გააკრიტიკა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ. მან სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ევროპული გზის შესანარჩუნებლად ძალა და გამბედაობა უსურვა:

“ლიეტუვა მყარად დგას ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების მიმართ.

პრეზიდენტო, გისურვებთ ძალასა და გამბედაობას საქართველოსთვის ევროპული გზის შესანარჩუნებლად. საქართველოს ადგილი ევროპაშია".

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ლიეტუვიდან გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჟიგიმანტას პავილიონისიც.

“ქართველებო, ეს თქვენი უკანასკნელი ბრძოლაა. თუ დღეს დაიცავთ თქვენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენთ თქვენს მომავალს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს ბრძოლას შეუშინდებით, ხვალ დასრულდება დამოუკიდებელი საქართველო და დაიწყება რუსული წარსული”, - დაწერა მან X-ზე.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება გააკრიტიკა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამაც. მან X-ზე დაწერა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერების გადაწყვეტილება მმართველი პარტიის მხრიდან ქართველი ხალხის მოტყუებაა, მათ შორის - მათივე ამომრჩევლის:

“„ქართული ოცნების“ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება არის შეუქცევადი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუა სრულიად ქართველი ხალხი და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, ვისაც სჯეროდა, რომ “ქართული ოცნება” მათ ევროკავშირში შეიყვანდა”, - წერს ცახნა.

ევროპარლამენტარმა ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვამ კი X-ზე საქართველოს პრეზიდენტის ფოტო გამოაქვეყნა გუშინდელი აქციიდან, სადაც ზურაბიშვილი სპეცრაზმს მიმართავს პირისპირ და დაწერა:

“მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ”, ევროკავშირის წევრობის პროცესი შეაჩერა, ევროპარლამენტში ამ კვირის კენჭისყრის შემდეგ, როგორც არალეგიტიმურმა [მთავრობამ].

ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში - მათ შორის პრეზიდენტი, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა და პოლიციას ესაუბრა. აქ ის მათ მოუწოდებს საქართველოს და არა რუსეთის მიმართ ერთგულებისკენ. გმირები ხართ”.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რამდენჯერმე გამოეხმაურა. თავდაპირველად გააკრიტიკა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ამას ისედაც შიშობდნენ.

“ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად”, - დაწერა მან და დასძინა, რომ მმართველი პარტია საქართველოს ევროპულ მომავალს ანადგურებს.

მოგვიანებით როთი გამოეხმაურა დარბევასაც. მან სალომე ზურაბიშვილის პოსტი გადააზიარა, სადაც პრეზიდენტი წერდა:

“დილის 6:30 საათი. პროტესტი და რეპრესიები კვლავ გრძელდება თბილისის ცენტრში. მიზანში არიან ამოღებული ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველი მკვეთრ პასუხს ევროპის დედაქალაქებიდან”.

“ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, ვარშავა, რომი, მადრიდი… გღვიძავთ უკვე? თუ კვლავ გძინავთ?”, - დაწერა როთმა.

სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდამჭერად რჩება საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ფრედერიკ პეტიმ.

“ქალბატონო პრეზიდენტო, როგორც განვიხილეთ 2 კვირის წინ, თბილისში, მე ვრჩები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერად, რადგან ეს არის ჩემი როლი, როგორც ევროპარლამენტარის. ყოჩაღ თქვენს გამბედაობას, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ”, - დაწერა მან.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, თომას ჰაკერმა “ქართული ოცნების” ქმედებები რეჟიმს შეადარა, რომელსაც მმართველობის ცოტა დრო აქვს დარჩენილი და თქვა, რომ აუცილებელია სანქციები:

"დეკადენტური რეჟიმის ქმედებები, რომლის დღეებიც დათვლილია: ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასევე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ თავდასხმები. გერმანიამ და ევროკავშირმა უნდა განიხილონ საქართველოსთან ურთიერთობები. სანქციები სასწრაფოდ აუცილებელია!”.