ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოკლე განცხადებით ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
"აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უნივერსიტეტმა 29 ნოემბრის დილას გაავრცელა.
ასევე ნახეთ ჟურნალისტების სია: ვინ და როგორ დაშავდა აქციის დარბევისასმიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე სასწავლო პროცესი შეჩერდა კავკასიის და საქართველოს უნივერსიტეტებში.
გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.
აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.
ასევე ნახეთ საია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს