ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელსაც თავს ესხმიან - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე საათის წინ აქციაზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციაზე ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აკრიტიკებს.

„მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომლის მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას, უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას“, - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.

29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, - როდესაც ჰაერის ტემპერატურა 5°C იყო, - პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა.

რამდენიმე საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე კვლავ იმყოფებიან დემონსტრანტები.

აქციის დაშლისას დაშავდა არაერთი ჟურნალისტი.

მათ შორის, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი ალექსანდრე ქეშელაშვილი - იგი ნაცემია და კლინიკაში გადაჰყავთ.

ასევე ნახეთ აქციაზე პოლიციელებმა ჩვენი ჟურნალისტი დააკავეს და სცემეს - „პუბლიკა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლას და წერს, რომ პროტესტის დარბევა კვლავ „ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის“ გამოყენებით მიმდინარეობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა“, - აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.

იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავებს:

  • „იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
  • არ შეასრულონ უკანონო დავალებები“.

დაშავებულთა შორის არიან:

  • მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა.
  • "ტვ პირველის" ცნობით, დაშავდა ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის თანახმად, მის ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა.
  • „ფორმულის“ ცნობით, "ტვ პირველის" ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • კიდევ ერთი ოპერატორი, "ტვ პირველის" თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას.
  • „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი გივი ავალიანი - მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა.
  • „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.
ასევე ნახეთ ჟურნალისტების სია: ვინ და როგორ დაშავდა აქციის დარბევისას