სასამართლომ დააკმაყოფილა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირებაზე მოთხოვნა

აფგან სადიგოვი სასამართლო სხდომაზე. ფოტო გადაიღო „პუბლიკამ“ (მინდია გაბაძე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია უნდა მოხდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აზერბაიჯანში სადიგოვის დევნაზე. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად 69-ე დღეა შიმშილობს. დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში ჰყავთ გადაყვანილი. სადიგოვი სასამართლოში ეტლით მიიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადვოკატებს 7-დღიანი ვადა აქვთ. ამ შემთხვევაში საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, თუ უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, იუსტიციის მინისტრს მაინც აქვს უფლება ექსტრადიცია შეაჩეროს.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა საერთაშორისო თავშესაფრის მიცემაზეც. ადვოკატები გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის ემზადებიან.

ასევე ნახეთ სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.

4 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისში საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა