„მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
გერმანიის ელჩის გაწვევაზე მანამდე პარლამენტში ჟურნალისტებთან ილაპარაკა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ. ელჩის მიერ BM.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრების გამო, ზარქუამ პეტერ ფიშერის საქართველოდან გაწვევის პროცედურის დაწყების სურვილი გამოხატა. ელჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელ მოგებას“ უკავშირდება.
„მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. ვისურვებდი, რომ საერთოდ დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა, იმიტომ რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, რომ მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით, მგონია, რომ ის ახლა მავნებლობს“, - თქვა ირაკლი ზარქუამ.
ასევე ნახეთ ირაკლი ზარქუას სურს, გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დაიწყოსგერმანიის ელჩმა 27 ნოემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან ინტერვიუში თქვა, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ახლა ჩიხშია. მისი განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „სიყვარულის და ზრუნვის ნიშანია“. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაშორება უარყოფითად აისახება ეროვნულ ვალუტაზე, ასევე მოჰყვება ახალგაზრდების ემიგრაციაც.