ზარქუამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მათ დეპუტატს სთხოვეს, შეეფასებინა ელჩის კომენტარი, რომელიც BM.ge-ს მისცა. პეტერ ფიშერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელ მოგებას“ უკავშირდება.
„მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. ვისურვებდი, რომ საერთოდ დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა, იმიტომ რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, რომ მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით, მგონია, რომ ის ახლა მავნებლობს“, - თქვა ზარქუამ.
მისი შეფასებით, გერმანიის ელჩი თავის უფლება-მოვალეობებში ვერ ერკვევა.
„გერმანიის ელჩს ცოტა არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ის რაღაც დაბნეული და დაკარგულია თავის ფუნქცია-მოვალეობებში. მივმართავდი ბატონ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო, მით უმეტეს თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაციაც გაქვთ თუ არა, ესეც არ ვიცი, იმიტომ რომ დაიშალა ის მთავრობა, ვინც თქვენ დაგნიშნათ“.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბარიერგადალახული პარტიებიდან მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს, დანარჩენი ოთხი პარტია და საქართველოს პრეზიდენტი კი შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა BM.ge-ს „საქმიან დილასთან“ საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირთან დაშორების შემთხვევაში, საქართველოსთვის გამოყოფილი სესხები გაძვირდება.
„შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“. ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას“, - თქვა ელჩმა ინტერვიუში.
მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩის შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, „გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი“ და არ ჰგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
რადიო თავისუფლება ცდილობს კომენტარის მიღებას გერმანიის საელჩოდან. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ფორუმი