„რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ - ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისი სიტყვებით, „სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება“:
“პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.
სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს - სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა.
პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ - თქვა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 27 ნოემბერს დაასახელა.
მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.
ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნებაის პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, გამოქვეყნებულია პარლამენტარების ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებშიც დეპუტატების სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შესახებ წერია. თუმცა მიხეილ ყაველაშვილის შემთხვევაში, განათლების შესახებ ველი ცარიელია.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 2022 წელს მისი განათლებით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.
ორგანიზაციას პარლამენტიდან აცნობეს, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.