ცესკომ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას პარტიული სიები გაუუქმა

საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 25 ნოემბერი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა სამი ოპოზიციური გაერთიანების პარტიული სიებით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს, მათ შორის „კოალიციას ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ და „ძლიერ საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ცესკოს მიერ სიების გაუქმება არ ნიშნავს იმ დეპუტატების მანდატების გაუქმებას, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა 25 ნოემბერს ცნო. ამისთვის საჭიროა თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განცხადებით მიმართოს პარლამენტს, შემდეგ კი მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს საპარლამენტო უმრავლესობამ.

ცესკოს განმარტებით, გადაწყვეტილება სიების გაუქმებაზე მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღეს და "არ იზიარებენ" პარტიების შეფასებებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

"უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით.

ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას", - წერია განცხადებაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს, 26 ოქტომბერს, მიმართა.

"იცით, რომ ჩვენ ცესკოს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები გაეგზავნა იმისთვის, რომ არც დროებითი მანდატები გაცემულიყო და რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ჩვენი უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რადგან ეს არ გადაცემულიყო არალეგიტიმური პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, თავლაფდასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო რუსული სპეცოპერაციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, უგულებელყო ჩვენი წერილები, არაკონსტიტუციური ნაბიჯით მან არ მიიღო მხედველობაში ჩვენი სამართლებრივად გაცხადებული მოთხოვნა, რომ უფლებამოსილების საკითხი არ გადაცემულიყო პარლამენტში", - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ცესკოს მიმართავს საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით

დღესვე კოალიცია "ძლიერმა საქართველომ", რომელიც ოთხ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს, განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართავდა საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით.

ასევე ნახეთ „ძლიერი საქართველო“ ცესკოს ოფიციალურად მიმართავს საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით

საპარლამენტო სიების გაუქმებასა და მანდატების დატოვებაზე 25 ნოემბერს პარლამენტის წინ ისაუბრეს ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემაც. ისინი შესაბამისად წარმოადგენენ პარტია "დროას" და პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლება." ორივე პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე შედიოდა გაერთიანებაში "კოალიცია ცვლილებებისთვის". ამ კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ტექსტი დოკუმენტისა, რომელსაც ხელს ის და ნიკა მელია აწერენ - ორივე პოლიტიკოსი პარტია "ახალს" წარმოადგენს. "ახალმა" სიების გაუქმების მოთხოვნით ცესკოსაც მიმართა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და შედეგებს არ აღიარებენ.

არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შესული - ერთი პრეზიდენტმა შეიტანა, მეორე მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.