Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ცესკოს მიმართავს საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით


თინა ბოკუჩავა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
თინა ბოკუჩავა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით დღეს, 26 ნოემბერს, მიმართავს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". ამის შესახებ განაცხადა სტრასბურგში მყოფმა თინა ბოკუჩავამ, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.

"ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან, ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას. იცით, რომ ჩვენ ცესკოს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები გაეგზავნა იმისთვის, რომ არც დროებითი მანდატები გაცემულიყო და რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ჩვენი უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რადგან ეს არ გადაცემულიყო არალეგიტიმური პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, თავლაფდასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო რუსული სპეცოპერაციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, უგულებელყო ჩვენი წერილები, არაკონსტიტუციური ნაბიჯით მან არ მიიღო მხედველობაში ჩვენი სამართლებრივად გაცხადებული მოთხოვნა, რომ უფლებამოსილების საკითხი არ გადაცემულიყო პარლამენტში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც ცესკო და გიორგი კალანდარიშვილი დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილი წესით შეტანილ წერილს, რომლითაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საპარლამენტო სიების ჩახსნას", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

პოლიტიკოსის თანახმად, ბარიერგადალახული ოპოზიციის ხედვა საერთოა და ისინი მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს "თავისუფალი, პროფესიონალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამით დავიბრუნებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.“

26 ნოემბერს კოალიცია "ძლიერმა საქართველომ", რომელიც ოთხ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს, განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართავს საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით.

იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველად შეკრების დღის ბოლოს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ამ პარლამენტში შესვლას და ითხოვენ მანდატების გაუქმებას - ოპოზიცია ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის.

სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით, 25 ნოემბერს პარლამენტს ელექტრონული ფოსტით მიმართა კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო სიების გაუქმებასა და მანდატების დატოვებაზე 25 ნოემბერს პარლამენტის წინ ისაუბრეს ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემაც. ისინი შესაბამისად წარმოადგენენ პარტია "დროას" და პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლება." ორივე პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე შედიოდა გაერთიანებაში "კოალიცია ცვლილებებისთვის". ამ კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ტექსტი დოკუმენტისა, რომელსაც ხელს ის და ნიკა მელია აწერენ - ორივე პოლიტიკოსი პარტია "ახალს" წარმოადგენს. "ახალმა" სიების გაუქმების მოთხოვნით ცესკოსაც მიმართა, განცხადება ცესკოში თენგო თევზაძემ წარადგინა.

საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, განცხადების წარდგენიდან სამი დღის ვადაში, ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ცესკოს საიტზე.

პარლამენტში 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ ყოფილან პარტიის, "საქართველოსთვის" წევრები - ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები იმ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. მათი ამ დრომდე ცნობილი პოზიციით, პარლამენტში შესვლას არც ამ პარტიის წევრები არ აპირებენ.

მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი - სალომე ზურაბიშვილი ასაჩივრებს არჩევნებზე ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას. 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 30-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი სხდომაზე არ მიუწვევიათ. შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG