შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით აფრთხილებს 24 ნოემბერის საღამოს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რაც დემონტრანტებს დაემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხელს შეუშლიან მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას 25 ნოემბერს.
"კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი - ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 ნოემბერის დღის 12 საათისთვის გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც ოპოზიციური პარტიები არიან, რუსთაველზე საღამოს 9 საათისთვის არის დაგეგმილი - აქციის მონაწილეები აპირებენ ღამის გათვას საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც ახალი მოწვევის დეპუტატები პირველი სხდომის ჩატარებას 25 ნოემბერს გეგმავენ.
" აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად" - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
"ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუვიის პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრენის უფლების - დარღვეცა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!" - დაწერა მან ფეისბუკის პირად გვერდზე.
ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს საქართველოში არჩევნების დარღვევების გამოძიებასსაქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი და ის ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახეს. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას სავარაუდოდ მხოლოდ "ქართული ოცნების" ახლადარჩეული დეპუტატები მიიღებენ.
ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.
ასევე ნახეთ "ოცნება" ახალ პარლამენტს კრებს - რა ხდება პირველ დღეს და შემდეგ