კიევში აშშ-ის საელჩო დროებით დაიხურა შესაძლო მასშტაბური საჰაერო შეტევის გამო

აშშ-ის საელჩო კიევში

კიევში დროებით დახურეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დღეს, 20 ნოემბერს, მოსალოდნელია მასშტაბური საჰაერო შეტევა.

უსაფრთხოების მიზნით დღეს საელჩო არ იმუშავებს. თანამშრომლებს უსაფრთხო ადგილებში ყოფნის ინსტრუქცია მისცეს.

საელჩო უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში.

ერთი დღით ადრე, 19 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით ATACMS პირველი იერიში მიიტანა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ბრიანსკის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტზე.

ასევე ნახეთ რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ ATACMS-ებით დაარტყა ბრიანსკის ოლქს
ასევე ნახეთ წყარო პენტაგონში: წუხელ უკრაინამ რვა ATACMS-ი ისროლა, რუსებმა მხოლოდ ორი ჩამოაგდეს

პირველი ცნობები, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა შეერთებული შტატებისგან მიღებული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება, გასული კვირის ბოლოს გავრცელდა დასავლეთის მედიასაშუალებებით. ვაშინგტონს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ „ასეთ რამეს არ აანონსებენ“ - ზელენსკი დასავლური რაკეტებით რუსეთზე მოსალოდნელ დარტყმაზე
ასევე ნახეთ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა

გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის კიევის ოლქზე.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში დააზიანა საბავშვო ბაღის, სკოლის, სამი ადმინისტრაციული დაწესებულების და ორი მაღაზიის შენობები.