როგორც Reuters-ის კორესპონდენტი იუწყება პენტაგონიდან, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში წყარო მას ესაუბრა წუხელ უკრაინის მიერ ამერიკული შორსმსროლელი რაკეტა ATACMS-ებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების შესახებ. ეს ინფორმაცია განსხვავდება მანამდე რუსეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციისგან.
პენტაგონის თანამშრომლის თანახმად, უკრაინელებმა გაისროლეს რვა ATACMS-ი, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კი მხოლოდ ორი ჩამოაგდო. სააგენტოს წყარომ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია. მოსკოვის თანახმად, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩოვის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტს თითქოს ექვსი რაკეტა ესროლეს და მათგან ხუთი ჩამოგდებულ იქნა, ერთი კი დაზიანდა და მისი ნამსხვრევები ჩამოვარდა ობიექტის ტერიტორიაზე.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთის წინააღმდეგ ATACMS-ის გამოყენება, მაგრამ დეტალები არ გაუსაჯაროებია.
ეს ამ შორსმსროლელი იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კვირას უკრაინელებს უფლება მისცა, ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.
სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში იმყოფება „დიდი ოცეულის“ სამიტზე, განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქზე ATACMS-ით დარტყმები იმის ნიშანია, რომ დასავლეთს ესკალაცია სურს. მისი თქმით, ასეთი იერიშების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ამერიკელების მონაწილეობის გარეშე.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა ითვალისწინებს ბირთვული პასუხის შესაძლებლობას უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური არაბირთვული რაკეტების გამოყენების შემთხვევაში.
ფორუმი