თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა არ დააკმაყოფილა სამი პარტიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებდნენ - ითხოვდნენ შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გააცნო მხარეებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით სამმა პარტიამ („გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“ და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა") და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18 ნოემბერს მიმართეს.
საქალაქო სასამართლოში სხდომა 19 ნოემბერს, 11 საათზე დაიწყო.
სხდომის მსვლელობისას, მოსამართლემ მოსარჩელე მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მათ შორის არც საიას შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვდა საქმის განხილვის შეჩერებას.
შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.
მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 16 საათისთვის დასრულდა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად მას დაახლოებით ორი საათი დასჭირდა.
ასევე ნახეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებენ16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.
ცესკოს საბოლოო შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში, 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.