კორძაიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის 30-მა დეპუტატმა საკონსტიტუციოს მიმართა

თამარ კორძაია

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გაგზავნა.

კორძაიას სიტყვებით, სასამართლომ სარჩელი ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს, აქედან გამომდინარე, პარლამენტის შეკრება 25 ან 26 ნოემბერს არაკონსტიტუციური იქნება.

მანამდე, არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმაც. თამარ კორძაიას თანახმად, "ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი. მეორეს მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება, სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25-ში ან 26-ში იქნება არაკონსტიტუციური".

ასევე ნახეთ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით დღეს, 19 ნოემბერს, მიმართა. მისი სარჩელით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ შეიტანა. სასამართლოს მის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.

როგორც ბესელიამ უთხრა მედიას, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს, პრეზიდენტი მიმართავს ყველა არსებულ სამართლებრივ გზას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

19 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომ ჯერ გაირკვეს, რომელ სარჩელში რომელ ნორმას გულისხმობენ და შემდეგ გასცემენ პასუხს.

"მაგრამ თუ მიზანია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება, უფლებამოსილების ცნობა, ასეთი ნორმა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარკვეული ჩანაწერები, რომელიც გარკვეულ ინდივიდუალურ საკითხებს შეეხება. ნორმა, რომელიც ზოგადად პარლამენტის საქმიანობას შეაფერხებს და უფლებამოსილების ცნობის საკითხს, არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად ასე არჩევნები არ საჩივრდება. საჩივრდება კონსტიტუციის და კანონების მიხედვით ნორმა ან ნორმის ნორმატიული შინაარსი და არჩევნები ამ ნორმიდან გამომდინარე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება 18 ნოემბერს პრესკონფერენციაზე გააცნო საზოგადოებას. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯერა ქვეყანაში ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა, "ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ და ესეცაა ჩემი სარჩელის მიზანი, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა და საით უნდა წავიდეს ქვეყანა".

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.