ტელეკომპანია ავრცელებს მისი დაკავების კადრებს და წერს, რომ სამართალდამცავებმა ოპერატორზე იძალადეს, დაამტვრიეს მისი კამერა.
როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მათთვის ამ დროისთვის უცნობია, სად არის გადაყვანილი დაკავებული ოპერატორი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ ოპერატორი „წესრიგს არღვევდა“ და თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, საკუთარი სიმართლე სასამართლოში უნდა დაამტკიცოს:
„რას იღებდა არ ვიცი, არ შევსწრებივარ მის დაკავებას. სერგი ბარამიძეს განუმარტავდა პატრულ-ინსპექტორი დაკავების არსს. სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია? თვითონ დაკავებულს განემარტებოდა დაკავების არსი. თუ უდანაშაულოდ ცნობს თავს, სასამართლოში [იტყვის]“, - უთხრა გოგა მემანიშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, სამართალდამცავებმა მასზე მაშინ იძალადეს, როდესაც დემონსტრანტების დაკავების კადრების გადაღებას ცდილობდა:
„ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ დემონსტრანტებს და ამას ვიღებდი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სრულიად მარტო აღმოვჩნდი იმ მანქანებს შორის, სადაც დაკავებულებს ათავსებდნენ. ჯერ ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მერე - მეორემ. უკან გადავიწიე და ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელსაც სახე არ უჩანდა, დამარტყა, გაიწია ჩემი ტელეფონისკენ. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ ისევ მკრა ხელი და გადამაგდეს დაკავების მანქანების წინ, სადაც სხვა პოლიციელებს ჩემთვის აღარ ეცალათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მინდია გაბაძე.
OC Media-ს ჟურნალისტმა მარიამ ნიკურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, როგორ წაართვა სამართალდამცავმა მას ტელეფონი, რომლითაც დემონსტრანტების დაშლის კადრებს იღებდა:
"აქტივისტებისგან გაწმენდის დროს ვიღებდი ვიდეოს. ერთმა მეორეს ანიშნა ჩემზე. მოვიდა, შემატრიალა, წამართვა ტელეფონი ცოტა ხნით, მითხრა, რომ "შენიანები" იქით გარბიანო. ვეჩხუბე, ტელეფონი დამიბრუნა, ვიდეო დაპაუზდა და არ ჩაიწერა ამ ჯაჯგურში", - წერს მარიამ ნიკურაძე.
ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს ეხმაურება მედიაომბუდსმენი და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს დროული რეაგირებისთვის:
„დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს
სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ის კორესპონდენტს გივი ავალიანს.
ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს "მთავარი არხის"ოპერატორი სერგი ბარამიძე.
სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "პუბლიკის" ჟურნალისტს მინდია გაბაძეს
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით“, - წერია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
ასევე ნახეთ პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავააქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად
ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის, სავარაუდოდ, ათამდე მონაწილე.